„გუგუტიანთკარში ვერ მივიღე პასუხი, ადგება თუ არა საფრთხე კონკრეტულ ოჯახებს, თუმცა ვადგენთ“

გუგუტიანთკარში ვერ მივიღე პასუხი, ადგება თუ არა საფრთხე კონკრეტულ ოჯახებს, თუმცა ვადგენთ, – ასე უპასუხა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტის შეკითხვას, „დგება თუ არა საკითხი, რომ 2019 წელს ორი ოჯახი იძულებით გადაადგილებული პირი გახდება?“

„სოფელში რამდენჯერმე ვიკითხე, დგება თუ არა დღეს ისეთი საფრთხე, რომლითაც არსებული ვითარება იცვლება ანუ კონკრეტულ ოჯახებს საფრთხე ადგება? მე ასეთი კონკრეტული პასუხი არ მიმიღია, თუმცა ვადგენთ, იმიტომ, რომ აშკარაა, რაღაც მონაკვეთებში არის ბოძები და მახინჯი, უხეში კონსტრუქციები“, - განაცხადა, „რადიო თავისუფლების“ ცნობით, ციხელაშვილმა. 

სახელმწიფო მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანაა, რომ მოსახლეობისგან დღევანდელი გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს.

„იცით, რომ ხუთი წლის განმავლობაში ვეხმარებით ყველა სოფელს, რომელიც მავთულხლართების გასწვრივ მდებარეობს. ვცდილობთ, ვუპასუხოთ იმ საჭიროებებს, რომელიც წინა წლებში ჰქონდათ. მომავალში ამ და მიმდებარე სოფლებში სახელმწიფო მხოლოდ გააძლიერებს ადამიანების დახმარებას - ეს არის ჩვენი პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეუპოვრობით, მშვიდობით, აუცილებლად მოვახერხებთ, რომ ეს მავთულხლართები მშვიდობიანი გზით დავშალოთ“, - განაცხადა ციხელაშვილმა. 

ცნობისთვის: ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი – მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს,  რომელიც დღემდე გრძელდება. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიგა ბოკერია პროკურატურაში დაიბარეს