სალია: "მელაძის, გაბუნიას, ლაფერაშვილის წინააღმდეგაც მოგვიწევს სასამართლოში დავა"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია მის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოში დავის დაწყებას აანონსებს.

პაატა სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჟურნალისტების – ნოდარ მელაძის, გიორგი ლაფერაშვილის და გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ, არხიის ყოფილი გენდირექტორის ნიკა გვარამიას საქმის მსგავსად, სასამართლოში დავა მოუწევს კომპანიას.

„მელაძის და სხვების, მათ შორის, ლაფერაშვილის, ანჯაფარიძის, გაბუნიას გათავისუფლება გამოწვეულია იმ ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე, იმ ზარალიდან გამომდინარე, რომელიც კომპანიას მიადგა და ჩვენ ვფიქრობთ, ისევე როგორც გვარამიას წინააღმდეგ ამ პირების წინააღმდეგაც მოგვიწევს სასამართლოში დავა და შესაბამისად, ვერ წარმოგვიდგენია, რომ ვედავოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან არიან წამყვან თანამდებობებზე, აშკარად შეუთავსებლობა და ინტერესთა კონფლიქტი იქნება“, - განაცხადა სალიამ.

სალია ამბობს, რომ არსებობს გარკვეული დასაბუთებები და ამის ერთ-ერთ მაგალითად ბინების საქმე მოჰყავს.

„გარკვეული ნაწილი დასაბუთების არსებობს, არსებობს იმასთან დაკავშირებით, რაზეც უკვე ვისაუბრე, რაც 2015 წელს მოხდა, შემდეგ იყო შეძენილი ბინები 2016-ში, რაღაც თანხების განაწილება მოხდა 2017-ში, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ სამოქალაქო სარჩელში", - განაცხადა სალიამ.

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში იმჟამად აცხადებდა, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას შეეხებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს-მ არასრულწლოვანების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავა (ვიდეო)