"ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი შემხვდა და თანამშრომლობა შემომთავაზა, რაზეც უარი ვუთხარი"

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სახელზე ტელევიზიის გადაფორმებიდან ორ კვირაში მას მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი შეხვდა და თანამშრომლობა შეთავაზა, რაზეც მან უარი უთხრა.

„დღეს პაატა სალიამ (ტელეკომპანიის გენდირექტორი) დამიძახა და მითხრა, რომ მე ვარ გათავისუფლებული სამსახურიდან და ეს არის ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება. ეს არ იყო, რა თქმა უნდა, დღეს მიღებული გადაწყვეტილება, უბრალოდ ისინი ეძებდნენ საბაბს და ძალიან ინტენსიურად, რომ მიეღოთ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, თუმცა, ძალიან გაუჭირდათ ამ საბაბის მოძებნა. ორი კვირის წინ ქიბარ ხალვაშის სახელზე ტელევიზიის გადაფორმებიდან ზუსტად ორ კვირაში, ჩემთან ჰქონდათ შეხვედრა და ამის შესახებ "კურიერის" ნიუსრუმში ჟურნალისტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, ჩემთან ჰქონდათ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილ წარმომადგენელს, რომელიც იყო პირდაპირ კავშირზე, მისი პოზიცია იყო, რომ არ უნდათ "რუსთავი 2-ისგან" "იმედის" გაკეთება და კრიტიკის რაღაც დოზა "კურიერში" დარჩება. მე თანამდებობაზე არ შემეხებოდნენ და გავაგრძელებდი მუშაობას "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად, უბრალოდ, უნდა მიმეცა მათთვის საკომუნიკაციო არხი, იქნებოდა ადამიანი, ეს არ იქნებოდა არც ლაშა ნაცვლიშვილი და არც კოკა ყანდიაშვილი, რომელიც დღეს მართავს სახელისუფლებო მედიას, იქნებოდა კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ექნებოდა ჩემთან კომუნიკაცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და კონკრეტული თემატიკა ამ ადამიანთან კონსულტაციის და ამ ადამიანის გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა დამეგეგმა. "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გეგმავს აბსოლუტურად ყველა გამოშვებას და შესაბამისად, მას მიუწვდება ხელი ყველა გამოშვებაზე და ყველა რეპორტაჟზე. აქედან გამომდინარე, მათთვის ძალიან მარტივი გამოსავალი ექნებოდათ მათ, თუ მე დავთანხმებოდი ამ წინადადებას, დაარქმევდნენ ოფიციალურად, რომ მე ვარ ისევ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, მაშასადამე არ შეიცვლებოდა სარედაქციო პოლიტიკა, თუმცა, ჩამოიწეოდა „ტემპერატურა და კრიტიკულობის ხარისხი“. მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკვეული ჩინოვნიკების მიერ თანხების დატაცებასთან და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით რეპორტაჟების მომზადება, იმიტომ, რომ ის თავად ებრძვის ბიუჯეტის ქურდებს, თუმცა, იყო რაღაც თემები, რომელსაც ჩვენ არ უნდა გავკარებოდით. მე ამ წინადადებაზე მათ ვუთხარი, რა თქმა უნდა, არა“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ნოდარ მელაძე, აცხადებს, რომ არხზე „საკადრო წმენდის“ გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიღებულია.

მისი თქმით, ის "რუსთავი 2-ში" თავდაუზოგავად მუშაობდა, რაზეც არსებული რეიტინგები მეტყველებს.

„ერთი თვე და ორი დღე მოვახერხეთ, პირადად მე მოვახერხე, რომ შემენარჩუნებინა "კურიერი" ისევ ისეთი, როგორიც იყო. ორი წელი და რამდენიმე თვე ვიმუშავე "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად და არასრული 6 წელი "რუსთავი 2"-ში და ეს არის ჩემთვის ყველაზე საამაყო პერიოდი ჩემს სატელევიზიო კარიერაში. მაშინ, როდესაც ვხელმძღვანელობდი "კურიერს", ბოლო ორი წლის და რამდენიმე თვის განმავლობაში მთელი ჩემი ენერგია, დრო, ჩავდე იმაში, რომ "კურიერი" ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის, ნომერ პირველი საინფორმაციო გამოშვება საქართველოში. სწორედ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში იყო "კურიერის" ისტორიის პიკური რეიტინგები, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ ვქნიდით პროდუქტს, რომელიც საზოგადოების მოწონებას და ნდობას იმსახურებდა“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ამასთან, მელაძემ სამართლებრივი დავის დაწყება დააანონსა. მისი თქმით, ის შექმნის პრეცედენტს, რათა ვერცერთმა ახალმა მფლობელმა ვერ შეძლოს მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ტელეკომპანიიდან გაყრა:

"სამართლებრივ დავას, რა თქმა უნდა, დავიწყებ. ჩემს ინტერესებს დაიცავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო". დღეს უკვე მქონდა კომუნიკაცია ეკა გიგაურთან. რამდენიმე საათში, ალბათ, შევხვდები ეკას და მის იურისტებს გადავცემ იმ კონტრაქტს, რომელიც გაფორმებული აქვს ჩემთან "რუსთავი 2"-ს"მყარი გარანტიებით".

დღეს გამართულ ბრიფინგზე სალიამ განაცხადა, რომ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეწამყვანები – ეკა კვესიტაძეს, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია და არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი გაათავისუფლები იქნებიან. 

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.მასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში იმჟამად აცხადებდა, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას შეეხებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა.ვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება