გვარამია – "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტებს: "დამრჩენი ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს, გელოდებით “მთავარ არხზე”

ტელეკომპანია “რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს თავის არხზე ეპატიჯება.

“გამჩუმებელი – რჩება. დამრჩენი – ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს. გაგრძელებას არ საჭიროებს. გელოდებით “მთავარ არხზე”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

დღეს გამართულ ბრიფინგზე "რუსთავი 2"–ის გენდირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეწამყვანები – ეკა კვესიტაძეს, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია და არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი გაათავისუფლები იქნებიან. 

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში იმჟამად აცხადებდა, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას შეეხებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა.გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შილდაში გაუჩინარებული მოზარდი იპოვეს