პრეზიდენტის ადმინისტრაცია: „პრეზიდენტი დასვენების ადგილიდანაც აგრძელებდა მუშაობას“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დასვენების ადგილიდანაც აგრძელებდა მუშაობას.

"პრეზიდენტი თავის შვილებთან ერთად ქალაქგარეთ იყო გასული. ის ,როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში იყო თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელ კოლეგებთან.  მოგეხსენებათ, თანამედროვე  საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია", – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის: მაშინ როცა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი განაგრძეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლოპოტას ტბაზე ისვენებდა. 

ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოდან კი მავთულხლართების მონტაჟი კვლავ გაგრძელდა.  ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც სამი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების (ორი ოჯახი) სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. 

საქართველოს პრეიზიდენტს გუგუტიანთკართან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ზურაბიშვილმა არც ლოპოტაზე დასვენება შეწყვიტა და არც თბილისში დაბრუნების შემდეგ ისურვა განცხადების გაკეთება  – "როცა გადავწყვეტ, გაგაფრთხილებთო". 



Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დათუნაშვილი მოჭიდავეებს მედლების ულოცავს და საკუთარ კარიერაზე წერს