მედია – ცხინვალმა საქართველოს 8 მოქალაქე ანდრეი კაბისოვის გადაცემის სანაცვლოდ გაათავისუფლა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლა. დაკავებულების გადმოცემა ერგნეთში ცოტა ხნის წინ მოხდა. 

ისინი შესაბამისი ჯარიმების გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. 

შეგახსენებთ, რომ 17–18 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ახალუბნიდან და მეჯვრისხევიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს. მათ დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ. 

როგორც „რადიო თავისუფლება“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან გამოქცეული ანდრეი კაბისოვის გადაცემის სანაცვლოდ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას აღნიშნული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 ივლისს „საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები სარმატ გაბარაევი და ანდრეი კაბისოვი".

დე ფაქტო უწყების ცნობით, მის თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ძებნილ, ადრე ნასამართლევ გაბარაევს და კაბისოვს სამართალდამცავებმა 16 ივლისს მიაკვლიეს ცხინვალის ოკუპირებული რაიონის სოფელ ზალდაში, სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების სახლში იმალებოდნენ. დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, მის თანამშრომლებს გაბარაევმა და კაბისოვმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს და მძიმედ დაიჭრა ორი სამართალდამცველი და ერთი თავდამსხმელი.

"გაბარაევი და კაბისოვი ოკუპირებული რეგიონიდან გადავიდნენ თბილისის მიერ კონტროლირებულ სოფელ ერგნეთში, სადაც 17 ივლისს დააკავეს ქართველმა სამართალდამცავებმა", – აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი პირის დაკავებას ადასტურებს. მისი ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით - ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

აღსანიშნავია, რომ 18 ივლისს ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იყო მოლოდინი, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი ქართველი სამართალდამცველების დაკავებული სარმატ გაბარაევის და ანდრეი კაბისოვის გადაცემას მოითხოვდა. თუმცა ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა, საერთოდ უარყო დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში ამ საკითხის შეტანა და კომენტარზეც უარი განაცხადა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიგა ბოკერია პროკურატურაში დაიბარეს