დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა "რუსთავი 2" დატოვეს

ტელეკომპანია "რუსთავი 2" ცხრასაათიანი კურიერის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. 

„13 წელია ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი - "ეთერშია "კურიერი" 09:00 საათზე." სწორედ 13 წლის წინ შევუერთდი გუნდს, რომელიც დაარსებიდან დღემდე წერდა ქვეყნის ისტორიას. მოვედი საკმაოდ ემოციურ ფონზე, მახსოვს მოვედი ბევრი შინაგანი განცდით, როგორ მიმიღებდნენ და მივიღებდი ადამიანებს, რომლებთან ერთადაც 13 წელი ვიმუშავე. ამ ხნის განმავლობაში იყო, კრიზისები, იყო სიმწვავე, იყო შერბილებული ტონი ან კომპრომისი. მე და ჩვენმა გუნდმა ამ არხზე ბევრი ომი გამოვიარეთ. რუსთავი ორი და კურიერი არ დამიტოვებია არც მაშინ როდესაც ახალი ამბების სტუდია რუსული ბობმდამშენების სამიზნე იყო. არასოდეს დამავიწყდება უამრავი გაფრთხილების მიუხედავად, გაუტეხელი ადამიანებით სავსე შენობა, ფრონტის წინა ხაზზე ჩემი თავგანწირული კოლეგები, ურყევი შემართება და ყველა რუსთავი 2-ელების უშიშარი მზერა და ქვეყნის სადარაჯოზე დგომის სურვილი. ეს ყველაფერი იყო და ეს არის "რუსთავი 2-ის" ისტორია. მე ამ სივრცეში გამოვიარე ყველაფერი, ყველა დრო და განსაკუთრებული თავისუფლება მოიტანა ბოლო 7-მა წელმა, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ნიკა გვარამიას. კურიერის სარედაქციო პოლიტიკის, თავისუფლების ხარისხის გარანტი ჩემთვის ასევე იყო ნოდარ მელაძე. ის დღეს ივანიშვილის რეჟიმმა გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, ჩემთვის მასთან მუშაობის 2 წლის განმავლობაში მივხვდი რა არის პროფესიონალიზმი და თავისუფლება. რუსთავი ორი არ არის ლოგო ეს იყო ჩვენი ცხოვრება და როგორც ნოდარ მელაძემ ერთ-ერთ თავის ბოლო ეთერში თქვა თავისუფლების ტერიტორია. ეს არხი ადამიანებია, პროფესიონალი და ერთგული ადამიანების ერთობა. ყველას წარმატებას ვუსურვებ მათ შორის მათ ვისაც ჯერ კიდევ ჯერა რომ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში, შეინარჩუნებს თავისუფლებას. მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ გითხრათ ნახვამდის. ჩვენ ვიომეთ თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა. მე არ ვიმუშავებ ტელევიზიაში საიდანაც ვეღარ გეტყვით რეალურად რა ხდება ქვეყანაში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება. ამიტომაც ვტოვებ ადგილს, რომელიც იყო ჩემი მეორე სახლი. ვტოვებ ჩემს საყვარელ კურიერს და ადამიანებს რომლებთან ერთადაც 13 წელი ვიცხოვრე. წარმატებები ყველა "რუსთავი 2"-ელს და მას, ვინც აქ, ჩემს ადგილას დაჯდება და ყოველ საღამო ეტყვის ქვეყანას რომ "ეთერშია "კურიერი." და ბოლოს, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვაკეთებდი ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის ყველაზე მაგარ საინფორმაციო გამოშვებას და რა თქმა უნდა მადლობა თქვენ ჩემ მაყურებელს, მადლობა ნდობისთვის მადლობა რომ ირჩევდით რუსთავი ორს. მე გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება“, - განაცხადა დიანა ჯოჯუამ.

„წითელი ხაზები გადაკვეთილია. "რუსთავი 2"-ში ტოტალური წმენდა დაიწყო. ეს ჩემთვისაც დასასრულია, დასასრული ისეთი "რუსთავი 2"-ის, რომელიც მიყვარდა და რომელსაც აფასებდა მაყურებელი 12 წლის განმავლობაში ვმუშაობდი გუნდდთან, რომელიც გაცილებით მეტი იყო ვიდრე სამსახური, რომელიც იყო ოჯახი, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანების ერთობა, ბრძოლაში გამოწრთობილი ადამიანების ერთობა, რომელიც ქმნიდა თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში და საუკეთესი სატელევიზიო პროდუქტს. მე დღეს ვტოვებ "რუსთავი 2"-ს, მაგრამ ვიტოვებ იმედს, რომ ისევ შევხდებით ბრძოლა გრძელდება უკეთესი მომავლისთვის, თავისუფალი საქართველოსთვის", – განაცხადა მიშა სესიაშვილმა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე "რუსთავი 2"–ის გენდირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეწამყვანები – ეკა კვესიტაძეს, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია და არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი გაათავისუფლები იქნებიან. 

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში იმჟამად აცხადებდა, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას შეეხებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო