პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციების და რეკომენდაციების შესაბამისად, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის, 16 664 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით. 

ამჟამად მიმდინარეობს განჩინების აღსრულებისათვის კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებები. 

გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ყადაღა წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო დროებით იძულებით ღონისძიებას და გამოიყენება განაჩენის აღსრულებამდე. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ასევე: მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში, რომელიც 2019 წლის 25 ივლისს დატოვეს. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა. 

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.

26 ივლისს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ  მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებად 700 000 -700 000 –ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე, აუკრძალა ქვეყნის დატოვება გამომძიებლის თანხმობის გარეშე.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
23 სექტემბრის ამინდის პროგნოზი