გიორგი გაბუნია: „მთავარი არხი იქნება იქ, სადაც წავა გუნდი, სადაც ჩვენი ლიდერი იქნება ნიკა გვარამია“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი წამყვანის გიორგი გაბუნიას განცხადებით, „მთავარი არხი იქნება იქ, სადაც ტელეკომპანიის გუნდი იქნება“. 

„მთავარი არხი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩვენი სლოგანი, რომელიც მანანა დოიაშვილის მოგონილია და ძალიან კარგად გამოხატავს ჩვენი არხის არსს. მთავარი არხი იყო „რუსთავი 2“, როდესაც ეს გუნდი იქ მუშაობდა. ახლა ვთვლი, რომ მთავარი არხი იქნება იქ, სადაც წავალთ ჩვენ, სადაც წავა გუნდი, სადაც ჩვენი ლიდერი იქნება ნიკა გვარამია. მე მივდივარ იქ, სადაც ვმუშაობდი ამდენი წლის განმავლობაში იმავე გუნდთან და იმავე ლიდერთან“, – განაცხადა გაბუნიამ პარლამენტთან მიმდინარე გადაცემა „სირცხვილიას“ პირდაპირ ეთერში.

დღეს გამართულ ბრიფინგზე "რუსთავი 2"–ის გენდირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეწამყვანები – ეკა კვესიტაძეს, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია და არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი გაათავისუფლები იქნებიან. 

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ცხრასაათიანი კურიერის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. 

“რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს თავის არხზე ეპატიჟება.

“გამჩუმებელი – რჩება. დამრჩენი – ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს. გაგრძელებას არ საჭიროებს. გელოდებით “მთავარ არხზე”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში იმჟამად აცხადებდა, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას შეეხებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალიწაუყენა.გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო