„რუსთავი 2“-იდან ჟურნალისტების გათავისუფლების საფუძვლები დამატებით შესწავლას და შეფასებას მოითხოვს"

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით,  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-იდან ჟურნალისტების გათავისუფლების საფუძვლები დამატებით შესწავლას და შეფასებას მოითხოვს"

„2019 წლის 20 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლეს ან/და იგეგმება მათი გათავისუფლება. გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლების მიზეზი სავარაუდოდ, მათი განსხვავებული მოსაზრებაა.

გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა, ჟურნალისტთა გათავისუფლება მათ განსხვავებულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, მომართვის შემთხვევაში, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს ინდივიდუალური შემთხვევები, ამასთან, გაეცნოს და შეაფასოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა, შრომითი ხელშეკრულებების ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 18 ივლისის საჯარო განცხადებით, ასევე, 2019 წლის 26 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრისას, სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესები უარყოფითად არ აისახოს ქვეყანაში პლურალისტური მედია გარემოს შენარჩუნებაზე, ამავე დროს, უზრუნველყოფილი იყოს კომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების შრომითი უფლებები და მათი პროფესიული თავისუფლება. თუმცა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელის დაპირების მიუხედავად, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შრომითი კონტრაქტები უწყდებათ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს და წამყვანი თოქ-შოუების ჟურნალისტებს, რაც ბუნებრივად გამოიწვევს არხის საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას. რაც შეეხებათ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მათი გათავისუფლების საფუძვლები დამატებით შესწავლას და შეფასებას მოითხოვს, შესაძლო დისკრიმინაციული საფუძვლის გამოსარიცხად“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

დღეს გამართულ ბრიფინგზე "რუსთავი 2"–ის გენდირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეწამყვანები – ეკა კვესიტაძეს, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია და არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი გაათავისუფლები იქნებიან. 

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "რუსთავი 2" "კურიერის" წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ, მიშა სესიაშვილმა  და პაატა იაკობაშვილმა დატოვეს. 

“რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს თავის არხზე ეპატიჟება.

“გამჩუმებელი – რჩება. დამრჩენი – ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს. გაგრძელებას არ საჭიროებს. გელოდებით “მთავარ არხზე”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში იმჟამად აცხადებდა, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას შეეხებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო