ადგილობრივების სამკვირიანი თხოვნის შემდეგ პრემიერი გუგუტიანთკარში ჩავიდა: "მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო რა აწუხებთ"

ადგილობრივების თითქმის სამკვირიანი თხოვნის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა.

როგორც პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახურში აცხადებენ, მამუკა ბახტაძე გოჩა მარღიშვილის ოჯახს  ესტუმრა, რომელმაც პრემიერ-მინისტრს ტელევიზიის საშუალებით რამდენიმე დღის წინ მიმართა და შეხვედრა სთხოვა. 

"მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ", – განაცხადა გუგუტიანთკარში ჩასულმა პრემიერმა. 

პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახურის ცნობით, მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და განმარტა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდება:

„ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელეთ აქ, მაგრამ გვაქვს მიმდინარე პროექტებიც, რომელთა ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება. მოსახლეობის თხოვნით მალე გადაიჭრება სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა, დავასრულეთ გზის მშენებლობა, მოვაწყეთ სარწყავი ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით გუგუტიანთკარში ახალგაზრდებისთვის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ბახტაძემ ადგილობრივებთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ სოფელში შემოსავლის წყაროს გაჩენა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: 

„სოფლის მეურნეობის პროგრამები არის უმნიშვნელოვანესი. გპირდებით, რომ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ რწმენა, რომ თავისი შესაძლებლობების რეალიზაციას აქ, თავის მშობლიურ სოფელში შეძლებენ. ძალიან მნიშვნელოვანია შრომა, მშვიდობიანი განვითარება და ერთსულოვნება. ასეთი გამოწვევები და განსაცდელები ჩვენ გვქონია საუკუნეების განმავლობაში და ერთსულოვნებით გადაგვილახავს. ყველაზე მიუღებელია ასეთ საკითხებზე სპეკულაცია". 

გუგუტიანთკარში შეხვედრას მთავრობის მეთაურთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.

ცნობისთვის: გუგუტიანთკარელები თითქმის სამი კვირაა სოფელში, სადაც ოკუპანტების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების – პრეზიდენტისა და პრემიერის ჩასვლას ითხოვდნენ.

ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოდან კი მავთულხლართების მონტაჟი დღემდე გრძელდება.  ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც სამი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების (ორი ოჯახი) სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.  

მაშინ როცა გორის ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლოპოტას ტბაზე ისვენებდა. საქართველოს პრეიზიდენტს გუგუტიანთკართან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ზურაბიშვილმა არც ლოპოტაზე დასვენება შეწყვიტა და არც თბილისში დაბრუნების შემდეგ ისურვა განცხადების გაკეთება  – "როცა გადავწყვეტ, გაგაფრთხილებთო".

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა