ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლაურა ღაჭავას 4–დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით დამატებითი ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე ლაურა ღაჭავას სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ლაურა ღაჭავამ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანისა და უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის, ყალბი ხელშეკრულების გაფორმების გზით კომპანიის მიერ წარდგენილი დღგ-ს, საშემოსავლოსა და სოციალური გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და არარსებული ოპერაციებით მანიპულაციის გზით თავის კომპანიას შეუქმნა რამდენიმე მილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში, რომლითაც შემდგომში იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსარკებლები.

უწყების ცნობით, ლაურა ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს. ლაურა ღაჭავა ბრალდების წარდგენის მიზნით, დღეს 14:00 საათზე დაბარებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადითა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დათუნაშვილი მოჭიდავეებს მედლების ულოცავს და საკუთარ კარიერაზე წერს