მეარაყიშვილი – ხელისუფლებას: „მესამე წელია, ტყვეობაში მამყოფებენ და ამოქოქეთ თქვენი “ძალიასხმევა” ჩემთან მიმართებაშიც“

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი  ხელისუფლებას დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

“არჩილ თალაკვაძეს ვუსმენ. მძიმედ ამოიოხრა – შევძელით ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნებაო. გუგუთიანთკარელებზე ამბობს. ვინმე თვეობით დაუპატიმრებიათ ამ ბრალდებით? და თუ თქვენი ხელისუფლების "ძალისხმევით" მოხდა მათი გათავისუფლება მესამე წელია, ტყვეობაში მამყოფებენ და ამოქოქეთ ეგ “ძალისხმევა” ჩემთან მიმართებაშიც”, - წერს მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში. 

სოფელ ახალუბანში მცხოვრები შვიდი და მეჯვრისხევში მცხოვრები ერთი პირი ოკუპანტებმა 17–18 აგვისტოს გაიტაცეს. დაკავებულებს დე ფაქტო საზღვრის კვეთას ედავებოდნენ. ისინი 20 აგვისტოს გაათავისუფლეს.

ცნობისთვის: 2019 წლის 10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ახალგორელმა მოსამართლემ ფატიმა პარასტაევამ სამოქალაქო აქტივისტს ყველა ბრალდება და თავისუფლად გადაადგილებაზე შეზღუდვა მოუხსნა.  რამდენიმე დღეში ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო პროკურატურამ დე ფაქტო  საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა.

თამარ მეარაყიშვილის თქმით, მას არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ  ადგილობრივ დე ფაქტო პროკურატურასთან სასამართლო დავის გასაგრძელებლად ადვოკატი დაიქირავოს. იგი დახმარებას ითხოვს. თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების გასაჩივრება ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება დიდხანს ამყოფონ იზოლაციაში. სამოქალაქო აქტივისტს ორი წელია ჩამორთმეული აქვს დოკუმენტები, რომელთა გარეშე გადაადგილება შეუძლია, მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონში. მას შეზღუდული აქვს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება, ან სხვა ქვეყანაში ჩასვლა. ამ მიზეზით, თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ვერ ახერხებს მაგალითად, საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებას და ურთიერთობას ნათესავებსა და ახლობლებთან. 

2017 წელს ახალგორის ოკუპირებული რაიონის პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილს ბრალად დასდო „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღება, ყალბი დოკუმენტის გამოყენება და  ადგილობრივი მმართველი პარტიის „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამება. 

ცოტა ხნის წინ მეარაყიშვილმა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი „მის წინააღმდეგ წარმოებულ ცილისმწამებლურ კამპანიაში“ დაადანაშაულა. მის ბრალდებებს სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უწყებისთვის გაუგებარია რა კამპანიას გულისხმობს და რა მიზანს ემსახურება მოქალაქე თამარ მეარაყიშვილის განცხადება. 

"თუმცა აშკარაა, რომ ერთ-ერთი ამოცანა მის მიერ გაკეთებული განცხადებისა  პიროვნების და გაწეული ძალისხმევის დისკრედიტაციაა. სახელმწიფო მინისტრის აპარატს კარგად ესმის, რომ მავთულხლართებს მიღმა ყოფა და ცხოვრება მძიმე გამოწმევევებს უკავშირდება, მიუხედავად იმისა თუ რა განცხადებებს აკეთებდა ან აკეთებს თამარ მეარაყიშვილი, მისი უკანონო დაპატიმრების მომენტიდან აპარატი და პირადად მინისტრი ჩართული იყო მისი ,,წინასწარი დაკავების იზოლატორი“დან გათავისუფლების საქმეში, რაც რამდენიმე საათში მოხერხდა.  მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა შესაბამის ფორმატში, სახელმწიფო მინისტრის აპარატი მუშაობდა და მუშაობს  მის მიმართ ყოველგვარი უკანონო პროცესების უპირობო შეწყვეტისაკენ, ასევე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად კონროტოლირებად ტერიტორიაზე. ამასთან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მას გაეწია დახმარება  ხელთ არსებული ყველა მექანიზმით  უშუალოდ აპარატის მიერ და აპარატის შუამდგომლობით, მათ შორის მიმდინარე რეჟიმში.   მისი თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია დაინტერესებულ პირებს გავაცნოთ დეტალური ინფორმაცია თ. მეარაყიშვილის მიერ სახელმწიფოსგან მიღებული დახმარების ოდენობის თაობაზე", – განუცხადეს "აქცენტს" სახელმწიფო მინისტრის აპარატში.


 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიგა ბოკერია პროკურატურაში დაიბარეს