საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” 12:00 საათზე ეთერში არ გავიდა

“რუსთავი 2-ის” ეთერში საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” 12:00 საათზეც არ გავიდა. 20 აგვისტოს საღამოს შემდეგ საინფორმაციო გამოშვებები ეთერში არ გადის. ახალი ამბები არც "რუსთავი 2"-ის ვებსაიტზე ქვეყნდება.

ტელეარხის ეთერში ამ წუთებში მხატვრული ფილმი გადის.

20 აგვისტოს არხის დირექტორმა პაატა სალიამ თქვა, რომ “რუსთავი 2-დან” გაუშვა წამყვანი ჟურნალისტები, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეარხს ტოვებენ სხვა ჟურნალისტებიც.

“რუსთავი 2-ის” დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. მათი თქმით, ისინი არ იმუშავებენ ტელევიზიაში, რომელიც, რეალურად ბიძინა ივანიშვილმა ჩაიგდო ხელში. 


ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.მასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში იმჟამად აცხადებდა, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას შეეხებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო