მილიონი ქართველი და რუსული პროპაგანდა

ხანდახან ჭორები და გამიზნული დეზინფორმაცია, რომელსაც ადამიანებს თავებში წლობით კი არა, ათწლეულობით უტენიან, თანდათან ჩვეულად იქცევა ფართო მასებისთვის და საბოლოო ჯამში, მათში ეჭვი აღარავის შეაქვს – თუნდაც დაუფარავ ტყულზე იყოს საუბარი. მივეჩვიეთ და მორჩა. ჩნდება განცდა, რომ ეს რაღაც თავისთავადია, რის ეჭვქვეშ დაყენებასაც აზრი არ აქვს.

ერთ-ერთი ასეთი პოსტულატი, რომელშიც ეჭვი მრავალი წლის განმავლობაში არავის შეუტანია, რუსეთში მცხოვრები ქართველების დიდი რაოდენობაა.

რა ციფრებს აღარ გაიგებ – და რაც უფრო ახლოს არიან მათი დამსახელებლები რუსულ ბანაკთან, მით უფრო მასშტაბურია მონაცემები. მაქსიმუმი, რომელიც მსმენია, ორი მილიონი ქართველია. თუ  გავითვალისწინებთ, რომ მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3,7 მლნ ადამიანია, ეს ციფრი შთამბეჭდავზე მეტია.

და გაგრძელებაც, როგორც წესი, არ აყოვნებს: «როგორ შეიძლება რუსეთთან კამათი? – ქართველი მიგრანტები რომ წნეხში მოაქციოს, ჩვენთვის დასასრული იქნებაო».

ეს გასაგებიცაა: ორი მილიონი 3,7 მილიონის წინააღმდეგ – ხუმრობა ხომ არ არის?!

თუმცა ვინაიდან ეს ციფრი იმდენად გამოგონილია და ციდან მოტანილი, რომ ყველაზე ჭკუათხელ საბჭოელებსაც კი ვერ არწმუნებს და ბოლო პერიოდში პროპაგანდაში პრაქტიკულად აღარ გამოიყენება, ჩვენ “ანგარიში გაგვიწიეს” - პირველ ეტაპზე რუსეთში ქართველების რაოდენობა მთელი 500 000-ით შეამცირეს, შემდგომში – კიდევ ამდენით.

საბოლოო ჯამში, გამომუშავდა კონსენსუსური ციფრი, რომელსაც პრორუსულად განწყობილი ყველა მოქალაქე და პოლიტიკური ძალა ეთანხმება – 1 მილიონი.

მეტიც, ამ ციფრს მმართველი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც იყენებენ, მაგრამ მათი მოტივები გაცილებით უფრო ეშმაკურია: ქართულ პოლიტიკაში რუსული ფაქტორის როლის გაზრდის გზით საკუთარი უბადრუკი პერსონების მნიშვნელობის გაზრდა. «ჩვენ ვალაგებთ ურთიერთობებს რუსეთთან, რომელშიც მილიონი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს, თქვენ კი ამ ურთიერთობების გაფუჭებას ცდლობთო!» – აი მმართველი პარტიის ძირითადი გზავნილი ამ მიმართულებით.

რუსეთში 1 მილიონი ქართველის შესახებ თავად საკითხის დაყენება მეზობელ ქვეყანაში მიგრაციაზე დიდ მოთხოვნას გულისხმობს. და ჩვენც ყველანი მოუთმენლად ველით, ბოლოს და ბოლოს, როდის დაბრუნდება უვიზო რეჟიმი, რომ მაჩვენებელი სასურველ 2 მილიონამდე გავზარდოთ?

საბჭოური პროპაგანდა ირწმუნება, რომ სავიზო რეჟიმიც კი ძნელად აკავებს ქართველების ჯგროებს, რომლებიც რუსეთისკენ იღწვიან.

ამ თემაზე საუბრებმა უკვე იმდენად ჩვეული ხასიათი მიიღო, რომ მათ წინააღმდეგობას, ისევე, როგორც რუსეთში 1 მილიონი ქართველის შესახებ პოსტულატს, აღარავინ უწევს. და კამათი იმაზე მიდის, საკმარისი საბაბია  თუ არა ეს რეალობა საიმისოდ, რომ საბოლოოდ ვიქცეთ ქვეყნად, რომელიც რუსეთში ღვინის ექსპორტს იქით ვერ ფიქრობს.

თავად ეს რეალობა პრაქტიკულად ყველას მიერ აღიარდება – კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, როგორ მოვახდინოთ მისი ინტერპრეტირება.

თუმცა ყველაზე მძიმე პროპაგანდაშიც კი დროდადრო თავს ამოყოფს ხოლმე რეალობის მცირე ყლორტები, რომლებიც აჩვენებს: ყველაფერი სამყაროში ისე არაა, როგორც მივეჩვიეთ, აღვიქვათ.

ამ დღეებში 2019 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში რუსეთში მიგრაციის ოფიციალური სტატისტიკა გამოქვეყნდა. ძალზე საინტერესო მონაცემებია და ყველას გირჩევთ, გაეცნოთ.

ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ამ დროისთვის რუსეთში მიგრანტების მთავარი მიმწოდებელი ცენტრალური აზიაა, მთლიანობაში კი ყოფილი სსრკ-ის  ქვეყნებზე მიგრაციის 95% მოდის. ლიდერ ქვეყნებს შორის არიან უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი. ათეულში ასევე შედიან უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი. ასევე სერბეთი, ჩინეთი და  თურქეთი.

ვეძებ სიაში კიდევ ერთ ქვეყანას – თავადაც ხვდებით, რომელს. სწორედ იმას, საიდანაც 2 თუ 1 მლნ მიგრანტია... მაგრამ ვერა, ვერ ვხედავ. არ არის. არც ერთი მილიონით, არც ორით. საქართველო ათეულში არ შედის. მეტიც, იგი კვლევაში საერთოდ არ ფიგურირებს. არანაირად, არც ერთ ხარისხში.

საქართველო, როგორც რუსეთისთვის მიგრანტების წყარო, – ეს ზღაპარია, პროპაგანდა, მარტივად რომ ვთქვათ, ტყუილი. ტყუილი, რომელიც ყველამ დაიჯერა, უბრალოდ იმიტომ, რომ უარყოფა დაეზარათ.

ჩვენი მოქალაქეები ძალიან ცოტას დადიოდნენ რუსეთში 2000-იან წლებშიც კი, როდესაც სავიზო რეჟიმი უკვე მოქმედებდა, თუმცა ვიზის შეძენა ისეთივე მარტივი იყო, როგორც 1 კგ კარტოფილის. ქართული მიგრაცია რუსეთში – ეს ღრმა 90-იანებია, როდესაც ქვეყანას მასობრივად ტოვებდნენ ეროვნული უმცირესობები, რუსულენოვანი ქართული მოსახლეობა და ტრადიციული ქართველების ნაწილი, რომელთათვისაც მოსკოვი იმხანად ჯერ კიდევ წარმოადგენდა მენტალურ დედაქალაქს – როგორც საერთო ფასეულობების, ისე უბრალოდ ჩვევის გამო.

2000-იან წლებში ქართველებმა თავისთვის ევროპა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც რუსეთმა მათთვის უწინდელი მიმზიდველობა დაკარგა. დღეს ჩვენი თანამემამულეები შტურმით იღებენ ლტოლვილთა ბანაკებს ბერლინსა და პარიზში და არა მოსკოვსა და პეტერბურგში.

ქართული მიგრაცია რუსეთში – ეს უკვე წარსულია, რომელიც უვიზო რეჟიმის შემთხვევაშიც კი აღარ დაბრუნდება. და ეს რეალობაა, რომელიც უკვე სულ მცირე, 15 წელია, არსებობს.

სწორედ ამიტომ, მოსახლეობის აღწერის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში 200 000 ეთნიკური ქართველია – განურჩევლად მოქალაქეობის ქონისა. ამას დაუმატეთ შესაძლო არალეგალების გარკვეული რაოდენობა, ასევე საქართველოდან წასული სომხები და აზერბაიჯანელები – და მიიღებთ ყველაზე რეალისტურ მაჩვენებელს – 400 000-მდე ადამიანს.

სხვათა შორის, სწორედ ამ ციფრს ასახელებდნენ თბილისშიც მრავალი წლის განმავლობაში, სანამ “ქართული ოცნება” არ მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე 1 მილიონი უფრო მომგებიანია.

ქვეყნის ეკონომიკაში რუსული მიგრაციის როლის შემცირებაზე მეტყველებს ფულადი გზავნილების წილის 60-დან 40%-მდე შემცირებაც.

ელემენტარული სტატისტიკა – როგორც ქართული, ისე რუსული – პროპაგანდისტების მონაგონს თვალსაჩინოდ უარყოფს და თბილისში, მაღალ სახელისუფლებო დერეფნებში რომ სახელმწიფოებრივი ღირსების გრძნობის მქონე ადამიანები ისხდნენ, ისინი უკვე დიდი ხნის წინ შეწყვეტდნენ ყოველგვარ საუბრებს რუსეთში 1 მილიონი ქართველის შესახებ.

თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ქვეყანას მეწვრილმანე, გაბოროტებული სოციოპათი მართავს, რომლისთვისაც წინამორბედთან ბრძოლა სახელმწიფო ინტერესებზე უფრო მნიშვნელოვანია – სწორედ ამიტომაა რუსეთში მილიონი ქართველი.

თენგიზ აბლოთია

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კვლევა: ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა მყარია