კვიციანი: "დღეიდან ჩემი ბლოკიც მოხსნილი აქვს "რუსთავი 2"-ს, ეს არხი სულ მექნება ჩართული"

"ჩემი ბლოკიც მოხსნილი აქვს დღეიდან "რუსთავი 2-ს"! ნებისმიერ დროს მზად ვარ რუსთავი 2 ის რესპონდენტი ვიყო!" -  ასე ეხმიანება "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი "რუსთავი 2"-დან ჟურნალისტების გიორგი გაბუნიას, ნოდარ მელაძის, ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლებას.

"პირველად ვდგები ეხლა და მივდივარ ტელევიზორის ჩასართავად, სულ რუსთავი მექნება ჩართული ” - აცხადებს კვიციანი. 


20 აგვისტოს არხის დირექტორმა პაატა სალიამ თქვა, რომ “რუსთავი 2-დან” გაუშვა წამყვანი ჟურნალისტები, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეარხს ტოვებენ სხვა ჟურნალისტებიც.

“რუსთავი 2-ის” დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. მათი თქმით, ისინი არ იმუშავებენ ტელევიზიაში, რომელიც, რეალურად ბიძინა ივანიშვილმა ჩაიგდო ხელში. 

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.მასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში იმჟამად აცხადებდა, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას შეეხებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დათუნაშვილი მოჭიდავეებს მედლების ულოცავს და საკუთარ კარიერაზე წერს