სუს–ი რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას "მორიგ პროვოკაციულ ქმედებად" აფასებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) რუსული საფრენი აპარატის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას ადასტურებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

„ფაქტზე გააქტიურებული იქნა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

დღეს რუსულმა ვერტმფრენმა დაახლოებით, 12:00 საათისთვის სოფელ  გუგუტიანთკარის ახლოს, მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა. ოკუპირებული ტერიტორიის თავზე ვერტმფრენი რამდენიმე წუთის განმავლობაში დაფრინავდა.

ცნობისთვის: ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოდან კი მავთულხლართების მონტაჟი დღემდე გრძელდება.  ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც სამი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების (ორი ოჯახი) სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა