“სოხუმის ვ. არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის” პროექტის ინვესტორი შესაძლოა, არსენ კანოკოვი გახდეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო სატრანსპორტო მიმოსვლის ორგანიზების საკითხებისადმი მიძღვნილი შეხვედრა დასრულდა. რუსული მხარის ინფორმაციით, “სოხუმის ვ. არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის” პროექტის ინვესტორად შესაძლოა, კომპანია «Аэроинвест»-ი მოგვევლინოს, რომელიც თავის დროზე “მინერალური წყლების” აეროპორტის მფლობელი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია აფილირებულია ჰოლდინგ “სინდიკასთან”, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ყოფილ ხელმძღვანელს. ამჟამად ამ რესპუბლიკიდან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სენატორ არსენ კანოკოვს ეკუთვნის.

რაც შეეხება ობიექტის რეკონსტრუქციის სავარაუდო ვადებს, როგორც საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა ეგორ სოლომატინმა განაცხადა, ამჟამად გენერალური გეგმის მომზადება სრულდება და ვადებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ამ ეტაპზეც შეიძლება იმის თქმა, რომ თუ რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება, მის დასრულებას, სულ მცირე, ორი წელი მაინც დასჭირდება.

“გენერალური გეგმის მომზადების შემდეგ დაგვჭირდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ესეც დაახლოებით ნახევარ წელს წაიღებს. ასაფრენი ბილიკის გარდა, რომელიც კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, აეროპორტიც ფაქტობრივად ნულიდან გვექნება აღსადგენი. ყველაფერი თავიდანაა გასაკეთებელი», - ციტირებს სოლომატინს ადგილობრივი სააგენტო “Апсныпресс”-ი.

როგორც რუსეთის საჰაეროტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ოლეგ სტორჩევოიმ განაცხადა, «დელეგაცია ჩავიდა აფხაზეთში, რათა საკუთარი შეფასება მისცეს აეროპორტის მდგომარეობას და იგი წინა შემოწმების დროინდელს შეადაროს”.

“ჩავატარებთ ანალიზს და ამ ინფორმაციას შემდგომში გამოვიყენებთ პროექტის რეალიზების ვადების განსასაზღვრად” - აღნიშნა მან.

რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას, სტორჩევოის ინფორმაციით, ეს საკითხიც  ამჟამად დამუშავებისა და განხილვის სტადიაშია.

“არსებობენ სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ამაზე მუშაობენ და მათი მუშაობის შედეგების საფუძველზე შეგვეძლება დასკვნის გამოტანა” - დასძინა მან.

ოლეგ სტორჩევოიმ საკადრო საკითხების გადაჭრის გზებზეც ისაუბრა:

«საავიაციო სპეციალისტების მომზადება პარალელურ რეჟიმში უნდა განხორციელდეს. განვიხილავთ შესაძლებლობას, რუსეთის უმაღლესმა სასწავლებლებმა, რომელთაც საავიაციო სპეციალისტების მომზადების დიდი გამოცდილება გააჩნიათ, მიიღონ მსურველები, რომელთაც საავიაციო საქმის სხვადასხვა მიმართულებით მოამზადებენ».

ამასთან, როგორც დე ფაქტო პრემიერმა ვალერი ბგანბამ აღნიშნა, “რუსულ და აფხაზურ მხარეებს მოუწევთ, პირველ რიგში, განსაზღვრონ სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების სამართლებრივი და საექსპერტო თანხლების გზები”.

«სწორედ ამისთვის არიან ჩამოსულები რუსი კოლეგები, მათთან ერთად ვაპირებთ ამ საკითხების გადაჭრას», – დასძინა მან.

ამავე თემაზე: 

აფხაზური ცის რუსული გასაღები


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საბურთალოზე ორი მოტოციკლი და ერთი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები