"ფული გვაქვს. ორშაბათიდან ვიწყებთ ჟურნალისტებთან ხელშეკრულებების გაფორმებას"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ორშაბათიდან ჟურნალისტებთან ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს.

გვარამიას განცხადებით, იგი „ამბიციურ ტელევიზიას“ აკეთებს და ამისათვის ინვესტორები უკვე ჰყავს

„ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს. შენობა - რუსთავი 2-ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რუსთავი 2-ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტელევიზიაა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება. P.s. ბოლო ოთხის სიტყვა მთავარი არხის სლოგანია“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 20 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის წამყვანი ჟურნალისტები, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გაათავისუფლა. ტელეარხს ტოვებენ სხვა ჟურნალისტებიც. 

18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში იმჟამად აცხადებდა, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას შეეხებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო