პარიზი: G7-ს სამიტებზე რუსეთის დაბრუნება უკრაინაზეა დამოკიდებული

საფრანგეთი კვლავინდებურად თვლის, რომ უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესის მიღწევა საკვანძო პირობაა “დიდი რვიანის” ფარგლებში სათანამშრომლოდ რუსეთის მისაწვევად. ამის შესახებ “Reuters”-ს მაღალი რანგის ფრანგმა  დიპლომატმა განუცხადა იმ ცნობების კომენტირებისას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს მომავალი წლის სამიტზე რუსეთის მიწვევაზე შეუთანხმდა. 

როგორც “Reuters”-ს წყარომ აღნიშნა, უკრაინის ირგვლივ მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

სამიტი ნიუ-იორკში უნდა ჩატარდეს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არაერთხელ გამოუთქვამს მოსაზრება, რომ რუსეთი G7-ის მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს. თავის მხრივ, მაკრონმა მიმდინარე კვირას, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ “დიდი რვიანის” ფორმატის აღდგენის საკვანძო საკითხი უკრაინის ვითარებაა. 

Reuters-ის წყარომ დაადასტურა, რომ საფრანგეთის ეს პოზიცია უცვლელია.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ცნობებისკომენტირებისას განაცხადა, რომ მოსკოვი “შვიდიანის” ქვეყნებისგან ფორმალურ წინადადებებს ელის თანამშრომლობის ფორმატის თაობაზე. მანამდე თავად პუტინს გაკეთებული აქვს განცხადება, რომ "რვიანი" სადღეისოდ არ არსებობს და ამიტომაც მასში რუსეთის მონაწილეობის საკითხის განხილვას აზრი არ აქვს.

• "დიდმა რვიანმა" ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა 2014 წელს, როდესაც “დიდი  შვიდიანის” (აშშ, ბრიტანეთი,  საფრანგეთი, იტალია, კანადა, გერმანია და იაპონია) ქვეყნების ლიდერებმა უარი განაცხადეს, ყირიმის ანექსიის შემდეგ სამიტზე სოჭში ჩასულიყვნენ. მას შემდეგ შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე იმართება.

• G7-ს წლევანდელი სამიტი  უახლოეს შაბათ-კვირას საფრანგეთში ასევე რუსეთის მონაწილეობის გარეშე ჩატარდება. პრეზიდენტმა მაკრონმა დაადასტურა, რომ გასული წლის მსგავსად, ერთობლივი კომიუნიკე არ გაფორმდება რიგ საკითხებში, მათ შორის ირანისა და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების თემებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო. 

მიუხედავად ამისა, სამიტი დამკვირვებლების ინტერესს იწვევს, უპირველესად ახალ ბრიტანელ პრემიერ-მიმნისტრ ბორის ჯონსონის მონაწილეობის გამო, რომელმაც პირობა დადო, რომ ევროკავშირიდან ქვეყანას 31ოქტომბრისთვის გაიყვანს, განურჩევლად იმისა, გაფორმდება და თუ ევროკავშირთან ხელშეკრულება. განსაკუთრებული ინტერესით ელიან მის შეხვედრას დონალდ ტრამპთან. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ვინც ოკუპაცია გააფორმა, მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში"