ნინო შუბლაძე: "რუსთავი 2“-ში დაბრუნების გადაწყვეტილება არ მიმიღია"

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში დაბრუნების გადაწყვეტილება არ მიუღია.

„სალამი ყველას სახედაკარგულებსაც!

პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ "რუსთავი2"-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ ... 

მეორე დღეა ვყურებ სრულ ისტერიას …ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ ...

ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად ... არც ახლა გადავალ ამ ზღვარს....

ამიფეთქდა ტელეფონი - თქვენი პიროვნული გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - წერს შუბლაძე სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ ნინო შუბლაძე აქამდეც მუშაობდა არხის გენარალური დირექტორის მოადგილედ და ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსად. მან „რუსთავი 2“ 2014 წელს დატოვა.

ცნობისთვის: ტელეკომპანია “იმედმა” გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ტელეკომპანია “რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დაადასტურა, რომ ნინო შუბლაძესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა. 

20 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის წამყვანი ჟურნალისტები, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გაათავისუფლა. ტელეარხს ტოვებენ სხვა ჟურნალისტებიც. 

18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში იმჟამად აცხადებდა, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას შეეხებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა.ვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო