დაურ კოვე: “თუ აიბღას ნაწილი რუსეთის კარტოგრაფიულ რეესტრშია შეტანილი, ესე იგი, საუბარია სოფლის რუსულ ნაწილზე”

სოფელ აიბღას საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, იგი “სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ერთობლივი აფხაზურ-რუსული კომისიის კომპეტენციაში რჩება, ამდენად მტკიცება, თითქოს აიბღა სადღეისოდ რუსეთს ეკუთვნის, დეზინფორმაციაა” - ირწმუნება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე.

“ჩვენ ყურადღება მივაქციეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის  შესახებ, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, მათ შორის აფხაზეთში, ოკუპაციის პირობებში არ განხორციელდება. რისი თქმა შეიძლება აქ? - რაღა თქმა უნდა, ტერმინები ქართული ტერიტორიის ანექსიის, ოკუპაციის შესახებ – ეს ყველაფერი არახალია, დღიდან დღემდე მეორდება, განსაკუთრებით აბსურდულია ოკუპაციის შესაძებ თეზისები. თუმცა თუ საკუთრივ იმ ინფორმაციაზე ვსაუბრობთ, რომელიც გაჩნდა [აიბღას შესახებ – რედ.], შემიძლია, ვთქვა, რომ საკუთრივ აფხაზურ-რუსული სახელმწიფოთაშორისო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რომელიც სოფელ აიბღას საკითხსაც მოიცავს, - ეს აფხაზეთ-რუსეთის  ერთობლივი ჯგუფის კომპეტენციაა, რომელიც სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებითაა დაკავებული. კომისია მუშაობას აგრძელებს, საქმე ჯერ არ დაუსრულებია, მიდის პროცესები, რომელიც ამ თემატიკის განხილვასთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, იმის თქმა, რომ სოფელი აიბღა სადღეისოდ რუსეთში მდებარეობს, – ეს არასწორია, ეს არის დეზინფორმაცია. მეტსაც გეტყვით, დასახლებული პუნქტი აიბღა ასევე მდებარეობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. და თუ ის შედის რუსული კარტოგრაფიის ჩამონათვალში, ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება აიბღას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, იგი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა,  ჩვენს იურისდიქციაში” - განუცხადა “Эхо  Кавказа”-ს დაურ კოვემ.

მისივე აზრით, აიბღას თემის მოულოდნელი ამოტივტივება “საქართველოში მიმდინარე მწვავე შიდა პოლიტიკურ პროცესებს” უკავშირდება:

“შეიძლება სხვადასხვაგვარი ვარაუდიგამოთქვა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სადღეისოდ საქართველოში სერიოზული შიდა პოლიტიკური პროცესები ვითარდება, აფხაზური კარტის გათამაშება, სამწუხაროდ, გრძელდება და თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ დღეს მწვავედ დგას დღის წესრიგში მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული მთავრობის შეცვლის საკითხი, ვფიქრობ, აქ საქმე გვაქვს ერთგვარ შიდა პოლიტიკურ თამაშთან, რომელიც მოქმედი ხელისუფლების შეცვლაზეა მიმართული”.

იგი კატეგორიულად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ თუ საუბარია 2009 წელზე, ანუ ოლიმპიადის პერიოდზე, რუსეთთან აიბღაზე გარკვეული შეთანხმება ყოფილიყო მიღწეული, რომლის შესახებაც ოკუპირებული აფხაზეთის ამჟამინდელმა დე ფაქტო პარლამენტმა ან სხვა “სახელმწიფო” უწყებებმა” არ იციან:

“არა, ეს გამორიცხულია. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხები ორმხრივი კომისიის კომპეტენციაშია, რომელიც ამჟამად მუშაობას განაგრძობს, ანუ ეს საკითხები ჯერ გადაწყვეტილი არ არის. და ის საკითხი, რომელსაც ახლა განვიხილავთ, - აიბღას თემა - ასევე დგას დღის წესრიგში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: აიბღა მარჯვენა და მარცხენანაპირისად იყოფა და თუ მისი ნაწილი რუსეთის კარტოგრაფიულ რესსტრშია შეტანილი, ესე იგი, საუბარია სოფელ აიბღას რუსულ ნაწილზე”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საკადასტრო დოკუმენტებში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღასთან დაკავშირებით მონაცემები შესულია პირველ ჯერზე 2002 წელს, შემდგომ კი 2009 წელს. 

„სამწუხაროდ მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ ფაქტს არ მოჰყვა არანაირი რეაგირება. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელი აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება, ისევე როგორც სხვა მსგავსი ნაბიჯები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ანექსიის პროცესისა და სხვა უკანონო მოქმედებების გაგრძელებას.

არსებობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და მათი უპატივცემულობა რუსეთის მიერ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი მონაკვეთების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი ოკუპაციის პირობებში ვერ განხორციელდება. აქედან გამომდინარე,  რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ნებისმიერ შეთანხმებას არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს“, – განუცხადეს „აქცენტს“ საგარეო უწყებაში.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კვლევა: რაში ხარჯავენ საქართველოს მოქალაქეები შემოსავალს და როგორია ეკონომიკური მდგომარეობა