გერმანიის მთავრობამ G8-ში რუსეთის დაბრუნების წინადადება უარყო

გერმანიის მთავრობამ უარყო საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ემანუელ მაკრონისა და დონალდ ტრამპის ერთობლივი წინადადება 2020 წელს ნიუ-იორკში “დიდი შვიდიანის” სამიტზე რუსეთის მიწვევის თაობაზე. 

როგორც გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, მოსკოვმა უნდა აჩვენოს, რომ მზადაა, უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მიმართ პოზიცია შეიცვალოს. 

“მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს “შვიდეული” რუსეთის მიწვევის საკითხს” - განაცხადა, DPA-ს ცნობით, ზაიბერმა.

ცნობისთვის: აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არაერთხელ გამოუთქვამს მოსაზრება, რომ რუსეთი G7-ის მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს. თავის მხრივ, მაკრონმა მიმდინარე კვირას, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ “დიდი რვიანის” ფორმატის აღდგენის საკვანძო საკითხი უკრაინის ვითარებაა. 

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ამ ცნობების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მოსკოვი “შვიდიანის” ქვეყნებისგან ფორმალურ წინადადებებს ელის თანამშრომლობის ფორმატის თაობაზე. მანამდე თავად პუტინს გაკეთებული აქვს განცხადება, რომ "რვიანი" სადღეისოდ არ არსებობს და ამიტომაც მასში რუსეთის მონაწილეობის საკითხის განხილვას აზრი არ აქვს.

• "დიდმა რვიანმა" ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა 2014 წელს, როდესაც “დიდი  შვიდიანის” (აშშ, ბრიტანეთი,  საფრანგეთი, იტალია, კანადა, გერმანია და იაპონია) ქვეყნების ლიდერებმა უარი განაცხადეს, ყირიმის ანექსიის შემდეგ სამიტზე სოჭში ჩასულიყვნენ. მას შემდეგ შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე იმართება.

• G7-ს წლევანდელი სამიტი  უახლოეს შაბათ-კვირას საფრანგეთში ასევე რუსეთის მონაწილეობის გარეშე ჩატარდება. პრეზიდენტმა მაკრონმა დაადასტურა, რომ გასული წლის მსგავსად, ერთობლივი კომიუნიკე არ გაფორმდება რიგ საკითხებში, მათ შორის ირანისა და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების თემებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო. 

მიუხედავად ამისა, სამიტი დამკვირვებლების ინტერესს იწვევს, უპირველესად ახალ ბრიტანელ პრემიერ-მიმნისტრ ბორის ჯონსონის მონაწილეობის გამო, რომელმაც პირობა დადო, რომ ევროკავშირიდან ქვეყანას 31ოქტომბრისთვის გაიყვანს, განურჩევლად იმისა, გაფორმდება და თუ ევროკავშირთან ხელშეკრულება. განსაკუთრებული ინტერესით ელიან მის შეხვედრას დონალდ ტრამპთან.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დათუნაშვილი მოჭიდავეებს მედლების ულოცავს და საკუთარ კარიერაზე წერს