ჯოჯუა:„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ივანიშვილს ყველაფრის ძალა არ შესწევს. აუცილებლად გავაკეთებთ ძალიან მაგარ არხს“

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ივანიშვილს ყველაფრის ძალა არ შესწევს და ფულით ყველაფერი არ იყიდება“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ყოფილმა ჟურნალისტმა დიანა ჯოჯუამ პარლამენტთან მიმდინარე გადაცემა „სირცხვილიას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ტელეკომპანიაში წმენდა დაიწყო, რადგან ახალ სეზონზე არ აწყობდათ, რომ „რუსთავი 2“ დაბრუნებულიყო იმ ფორმით, რა ფორმითაც ის დღემდე მუშაობდა.

„ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ არხის ახალი გენდირექტორი პაატა სალია არ ჩარეულა სარედაქციო პოლიტიკაში, თუმცა ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა და სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი დროის ათვლა დავიწყეთ – ვინ რამდენ ხანს გაძლებდა და ამ ნერვების ომში გამარჯვებული ვინ დარჩებოდა.  გავიმარჯვეთ ჩვენ. გაიმარჯვეს თავისუფალმა ჟურნალისტებმა იმიტომ, რომ  თითოეული ჩვენგანი, რომელმაც „რუსთავი 2“ დატოვა, იქედან თავაწეულები გამოვედით და ვთქვით, რომ ჩვენ არასოდეს არ გადავდგამთ იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ხალხის, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფრის ძალა არ შესწევს, ფულით ყველაფერი არ იყიდება და თავისუფალი სიტყვა ამ ქვეყანაში აუცილებლად იარსებებს. ჩვენ ვიქნებით ეს  თავისუფალი სიტყვა. თავისუფლება არის იქ, სადაც ვართ ჩვენ და ჩვენ ვერ გვიკარნახებს ვერც სალია, ვერც ხალვაში და ივანიშვილი რა უნდა ვთქვათ და რა არა.  რაც შეეხება გვარამიას მიერ დაანონსებულ ახალ არხს,  ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ძალიან მაგარ არხს და აუცილებლად გვექნება ის ასპარეზს, საიდანაც ყოველდღე გეტყვით რა ხდება ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ჯოჯუამ. 

ცნობისთვის: გუშინ გამართულ ბრიფინგზე "რუსთავი 2"–ის გენდირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეწამყვანები – ეკა კვესიტაძეს, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია და არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი გათავისუფლები იქნებიან. 

მოგვიანებით "რუსთავი 2" „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. 

დღეს კი “რუსთავი 2” "კურიერის" გუნდის ძირითადმა ნაწილმა დატოვა.

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მზადაა, ისინი "მთავარ არხზე" დაასაქმოს და ორშაბათიდან ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს.

18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.მასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში იმჟამად აცხადებდა, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას შეეხებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო