დავით ერაძე: „ჩვენ წამოვედით იმ არხიდან, სადაც აგვისტოს ომის დროს თითოეული ჟურნალისტი პროდიუსერებთან რიგში იდგა, რომ ფრონტის წინა ხაზზე წასულიყო“

„ჩვენ წამოვედით იმ არხიდან, სადაც პროდიუსერებთან რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დროს თითოეული ჟურნალისტი , რომელსაც საერთოდ არ ეხებოდა იქ წასვლა, რიგში იდგა, რომ ფრონტის წინა ხაზზე ყოფილიყო და მაყურებლისთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა. ეს იყო "რუსთავი 2" და ამ სულს ჩვენ ყველგან წავიღებთ, სადაც ვიქნებით“.

ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ყოფილმა ჟურნალისტმა დავით ერაძემ პარლამენტთან მიმდინარე გადაცემა „სირცხვილიას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

ცნობისთვის: გუშინ გამართულ ბრიფინგზე "რუსთავი 2"–ის გენდირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეწამყვანები – ეკა კვესიტაძეს, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია და არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი გათავისუფლები იქნებიან. 

მოგვიანებით "რუსთავი 2" „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. 

დღეს კი “რუსთავი 2” "კურიერის" გუნდის ძირითადმა ნაწილმა დატოვა.

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მზადაა, ისინი "მთავარ არხზე" დაასაქმოს და ორშაბათიდან ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს.

18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში იმჟამად აცხადებდა, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას შეეხებოდა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დათუნაშვილი მოჭიდავეებს მედლების ულოცავს და საკუთარ კარიერაზე წერს