საფრანგეთს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. საფრანგეთის ელჩმა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

დავით ზალკალიანმა ფრანგ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

​საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს.

მინისტრმა ზოგადად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პროცესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარება. მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.

საფრანგეთის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა და გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი, აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ფრანგმა დიპლომატმა აგრეთვე კმაყოფილება გამოხატა სექტორულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის უწყებებს შორის. გარდა ამისა, ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ სამომავლოდ, კიდევ უფრო გააქტიურდება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

„ძალიან მოხარული ვარ რომ დღეს აქ ვიმყოფები, ბატონ დავით ზალკალიანს გადავეცი რწმუნებათა სიგელების ასლი, რის შემდეგაც შემიძლია შევუდგე ჩემს საქმიანობას საქართველოში, როგორც საფრანგეთის ელჩი. მინისტრთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები განვიხილეთ. დავით ზალკალიანთან საუბრისას აღვნიშნე, რომ მინდა პირადი წვლილი შევიტანო საფრანგეთსა საქართველოს შორის ურთიერთობების დინამიურად განვითარებაში და ვიმედოვნებ, რომ ასეც იქნება“, – განაცხადა  საფრანგეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა დიეგო კოლასმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ვინც ოკუპაცია გააფორმა, მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში"