კრემლმა თავის საიტზე მაკრონის სიტყვები დაამახინჯა

კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტენოგრამაში, რომელიც რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების 19 აგვისტოს შეხვედრამდე მათ მიერ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ასახავს, ემანუელ მაკრონის სიტყვები არაზუსტად და არასრულადაა ასახული.

როგორც BBC-ს რუსული სამსახური იუწყება, ჟურნალისტმა ემანუელ გრინსპანმა, რომელიც მოსკოვში შვეიცარიულ გაზეთ “Le Journal du Dimanche”-ისა და ფრანგული “Le Temps”-ის  კორესპონდენტად მუშაობს,  პრეს-კონფერენციაზე ყურადღება მიაქცია მაკრონის ერთ-ერთი ფრაზის არასწორ, უფრო სწორად, ზუსტად საპირისპირო მნიშვნელობის თარგმანს. კერძოდ, მაკრონმა თქვა, რომ “ყვითელმა ჟილეტებმა” არჩევნებში მონაწილეობა შეძლეს, თარგმანში კი ამ სიტყვებმა ასე გაიჟღერა: “ყვითელ ჟილეტებს” არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა არ მიეცათ”.

მოგვიანებით კრემლის საიტზე ეს შეცდომა გამოასწორეს – როგორც რუსულ, ისე ინგლისურ ვერსიებში.

თუმცა, BBC-ს ცნობით, ეს ერთადერთი შეცდომა არ იყო მაკრონის გამოსვლის კრემლის საიტზე წარმოდგენილ ტექსტში. ჟურნალისტებმა ორიგინალი თარგმანს შეადარეს და დაადგინეს, რომ მაკრონის სიტყვებიდან გაქრა ფრაზა თავისუფალი არჩევნების შესახებ.

კერძოდ, მოსკოვის საპროტესტო აქციების შესახებ კითხვის საპასუხოდ მაკრონმა განაცხადა: «ჩვენ ბევრ სხვასთან [ქვეყნებთან] ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დემოკრატიები პატივს უნდა სცემდნენ თვითგამოხატვის, აზრის გამოხატვის, შეკრებისა და არჩევნებზე წარმოდგენილობის თავისუფლებას». 

კრემლის ვებ-გვერდზე კი არჩევნებში მონაწილეობის თავისუფლების შესახებ სიტყვები არ მოხვდა, ისევე, როგორც მაკრონის შემდგომი რეპლიკა იმის შესახებ, რომ “ბევრი შეშფოთდა და ახლაც შეშფოთებულია [მოსკოვში ადამიანების] დაკავებებითა და არჩევნებში მათი თავისუფლად მონაწილეობის შესაძლებლობის საკითხით».

საფრანგეთის პრეზიდენტის  სიტყვის თარგმანში ნათქვამია, რომ შეშფოთებას იწვევს «დაკავებები და ასე შემდეგ, ყველა ის ბლოკირება, რომელიც სამართლებრივი ორგანოების მხრიდან განხორციელდა». გასწორებულ თარგმანში მაკრონის რეპლიკებში «ყვითელ ჟილეტებზე» ასევე არ არის წარმოდგენილი ფრაზა იმის შესახებ, რომ საფრანგეთის ხელისუფლება მომხრეა, ისინი «თავისუფლად მონაწილეობდნენ არჩევნებში, რადგან ეს კონფლიქტურობას ამცირებს».

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა არასწორ თარგმანზე პასუხისმგებლობა თარჯიმან-სინქრონისტებს დააკისრა: «საუბარია სინქრონისტის სიტყვების სკრიპტზე. მსგავსი რამ ხდება».

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დათუნაშვილი მოჭიდავეებს მედლების ულოცავს და საკუთარ კარიერაზე წერს