აშშ–ის საელჩო: „ვიმედოვნებთ, კონსორციუმის, ინვესტორებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა ანაკლიის პორტის პროექტის წინსვლას შეუწყობს ხელს“

საქართველოში აშშ–ის საელჩო იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის წინსვლას შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ „აქცენტს“ აშშ–ის საელჩოში განუცხადეს.

„ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მასში აშშ-ს კომპანიების ჩართულობა ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი ეკონომიკური პარტნიორობის ნაწილია.  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების შემდგომი შეხვედრის მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვიმედოვნებთ, რომ იგი პროექტის წინსვლას შეუწყობს ხელს“, – აცხადებენ საელჩოში.

ცნობისთვის: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხთან დაკავშირებით კონსორციუმის, ინვესტორებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა 21 მაისისთვის არის დაგეგმილი. არსებული ინფორმაციით, მასში მონაწილეობას ანაკლიის პორტის 4 ინვესტორი - EBRD, OPIC, ADB და AIIB მიიღებენ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp