კოფი: "რუსეთმა იცის, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილ-ნაწილ მიტაცებისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს"

"ჰერიტიჯის ფონდის" მკვლევარის ლუკ კოფის განცხადებით, რუსეთმა იცის, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილ-ნაწილ მიტაცებისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს. ამის შესახებ მკვლევარმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტევიუში განაცხადა. 

– თქვენ საქართველოში რუსეთის მიერ წარმოებული ბორდერიზაციის უნიკალური რუკა გაქვთ შედგენილი. როდის შეადგინეთ ის და რა მონაცემებზე დაყრდნობით?

 – პირველად, ეს იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა რუსულმა ჯარმა ბაქო-სუფსის მილსადენი მოაქცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მაშინ ყურადღება განსაკუთრებით ამ ნაბიჯის დრომ მიიქცია. ეს იყო საბერძნეთის რეფერენდუმის შემდეგი კვირა და ერთი კვირით ადრე, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა ირანთან ბირთვულ ხელშეკრულებას მოაწერდა ხელს. მაშინ ვიფიქრე, რომ არ შეიძლება ბორდერიზაციის ეს ნაბიჯი უბრალოდ დამთხვევა ყოფილიყო. რუსებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მთელი ევროპა საბერძნეთის ფინანსურ გადარჩენაზე იყო კონცენტრირებული და ამერიკისთვის კი პრიორიტეტი ირანთან ბირთვული შეთანხმება იყო. სწორედ მაშინ მიიტაცა რუსეთმა მიწის დიდი ნაკვეთი.

ამის შემდეგ დავიწყე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შემთხვევების შესწავლა და თითოეული ინციდენტის დამოუკიდებელ წყაროებთან გადამოწმება, რასაც ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა.

ეს რუსეთის „მცოცავი ოკუპაციაა.“ ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ოჯახებს ყოფენ, ადამიანებს მიწებს ართმევენ. ეს რეგულარულად ხდება და ამ პროცესს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დიდი ყურადღება არ ექცევა. რუსეთი დროთა განმავლობაში იტაცებს მიწებს, რომლებიც ხშირად პატარა ფართობებია, მაგრამ დროთა განმავლობაში ზომა საკმაოდ დიდია. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ შემთხვევებს ყურადღებას სწორედ იმის გამო არ აქცევს, რომ საუბარია პატარა ნაკვეთებზე. რუსეთმა იცის, რომ ამისთვის მას პასუხს არავინ მოსთხოვს.

– როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის რეაქციას ამ ინციდენტებზე?

– ვფიქრობ, ისინი ამ საკითხს პასუხისმგებლობით უდგებიან. ვფიქრობ, რუსებს უნდათ ქართველებმა მათ ნაბიჯებზე ექსტრემალური რეაგირება გააკეთონ. ამით, კი მათ საბაბი მიეცემათ უფრო შორს შევიდნენ საქართველოში. საქართველო დიდ თავშეკავებას იჩენს და ისინი ამისთვის შექებას იმსახურებენ.

– ეს საინტერესო შეფასებაა. ამ მოსაზრებაზე ხშირად მთავრობის მიმართ კრიტიკული პოზიცია ისმის, რომ ხელისუფლება საკმარისად არ ახმაურებს ბორდერიზაციის შემთხვევებს და ამ საკითხზე განგაშის ზარს არ რეკავენ.

– მე ამ მოსაზრებას გარკვეულწილად ვიზიარებ. თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისად აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს, მთავრობებს და მიმომხილველებს. ვიცი, რომ მაღალი დონის შეხვედრებზე „მცოცავ ოკუპაციაზე“ საუბარი ყოველთვის იმართება. მაგრამ რომ დავფიქრდეთ, სინამდვილეში რის გაკეთება შეუძლია საქართველოს, როცა რუსული თოფის ლულის წინ დგას უწყვეტად? რუსეთს უნდა საქართველომ რაღაც ისეთი გააკეთოს, რომ მათ სამხედრო კონფლიქტი განაახლონ, მაგრამ თუ საქართველო ამას არ გააკეთებს, ის უკვე აცლის რუსეთს ხელიდან სასურველ შედეგს.

იმაში, რაც ხდება დამნაშავე რუსეთია. ისინი დგამენ ამ აგრესიულ ნაბიჯებს. თუმცა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც უფრო მეტი უნდა გააკეთოს. მე უნდა შემეძლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებგვერდზე შესვლა და ბორდერიზაციის თითოეული შემთხვევის შესახებ ინფორმაციის ნახვა. თუმცა ამის გაკეთება დღეს ვერ ხერხდება. ისინი უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყვნენ. ერთგვარად, ეს ირონიულიცაა იმის გამო, რომ მათი მისია საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენების გამჭვირვალედ წარმოჩენაა.

– რას უკავშირებთ ამას, ეს გაუცნობიერებლად კეთდება, თუ ისინი უბრალოდ დაუდევრად იქცევიან?

– მათ ძალიან ვიწრო მანდატი და არასაკმარისი რესურსი აქვთ. საოკუპაციო ხაზს ისინი „საოკუპაციო ხაზსაც“ კი არ უწოდებენ, არამედ „ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზად“ მოიხსენიებენ. შეიძლება მათ რუსეთის გაღიზიანება არ უნდათ. შეიძლება იმიტომ, რომ საოკუპაციო ხაზზე მათ დაშვებას რუსეთმაც უნდა დართოს ნება, რაც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირდაპირი დარღვევაა. ვფიქრობ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უფრო მოქნილი უნდა იყოს და უკეთესად წარმოაჩინოს, თუ რას აკეთებს იქ რუსეთი.

– რის გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე? რუსეთი აგრესიას აგრძელებს. ამ ფონზე, ევროკავშირი და შეერთებული შტატები იმ დონეზე ჩართული არ არიან საქართველოსთან, როგორც შეუძლიათ ან უნდა იყვნენ ჩართულები. საქართველო მარტოა დატოვებული, როგორც თქვენ თქვით, რუსეთის თოფის ლულის წინ.

– საქართველომ სტრატეგიულობა და მოთმინება უნდა გამოიჩინოს. მათ უნდა გააგრძელონ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი, როგორც საჯარო განცხადებებით, ასევე პრაქტიკული ნაბიჯებით. მოთმინებაში იმას ვგულისხმობ, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია. საქართველო 20 საუკუნეზე მეტია არსებობს. ამ ფონზე, კიდევ რამდენიმე წელიწადი მოთმენა ვფიქრობ შესაძლებელი უნდა იყოს. ამასთან, ამერიკამ და ევროპამ საქართველოს მიმართ უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა გამოიჩინონ და ქართველ ხალხს ამ გზაზე უფრო მეტად დაეხმარონ. მაგალითად, ამერიკის მიერ თავისუფალი ვაჭრობის შეთავაზება, ნატოს მომავალ სამიტზე მტკიცე მხარდაჭერის განცხადების გაკეთება დიდი მხარდაჭერის ნიშანი იქნება.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ უნდა სცადოს არსებული ვითარების რაც შეიძლება მეტად „ინტერნაციონალიზაცია.“ ამაში ვგულისხმობ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, უცხოური კომპანიების მოწვევას. რაც მეტი ქვეყანა და რაც მეტ ადამიანი იქნება საქართველოთი დაინტერესებული, მით უფრო გაუჭირდება რუსეთს რაღაცა ძალიან სულელურის გაკეთება.

ამ გადმოსახედიდან, საქართველოს ორნაირი მოთმინება სჭირდება - ერთი ის სტრატეგიული მოთმინებაა, რომელზეც თქვენ საუბრობთ და მეორე უფრო მოკლევადიანია, რომელიც საზოგადოებას უკიდურესი პოლარიზაციის დაძლევაში დაეხმარება. ვისი პასუხისმგებლობაა ამ დაპირისპირების გადაჭრა? მწვავე პოლარიზება განსაკუთრებით ბორდერიზაციის ფონზე გამოჩნდა, როცა მაგალითად, პრეზიდეტნი ტბაზე იყო დასასვენებლად და რუსეთის მოქმედებაზე კომენტარი არ გააკეთა, გორის მერი შვებულებაში ზღვაზე იმყოფებოდა და რეაგირების პირობა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ დადო, პრემიერმა მყისიერი განცხადება არ გააკეთა. თქვენ რა გამოსავალს ხედავთ?

– შიდა პოლიტიკაზე საუბარი არ მსურს, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი. ბოლო პერიოდში თითქოს ჩანს, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი და პრეზიდენტიც კი, აზერბაიჯანით უფრო არიან შეშფოთებული, ვიდრე იმით, თუ რას აკეთებს რუსეთი. ვფიქრობ ეს სიგიჟეა. ის, რაც მონასტერთან დაკავშირებით ხდება არაფერია იმასთან შედარებით, რასაც რუსეთი აკეთებს.

აზერბაიჯანი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან, სხვადასხვა კუთხით ისინი ერთმანეთზე დამოკიდებულები არიან. სიფრთხილეა გამოსაჩენი, განსაკუთრებით ზოგიერთი მაღალჩინოსნის მიერ, რადგან რუსეთი ახერხებს იმას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმაოს.

წყარო: "ამერიკის ხმა"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში ნარკორეალიზებისთვის მსჯავრდებული ორი პირია