ენგურჰესის “საინფორმაციო ბომბი” აფხაზურ წინასაარჩევნო ბრძოლაში

ამ დღეში, 25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. დე ფაქტო პრეზიდენტობისთვის  9 კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორის - მოქმედი “პრეზიდენტი” რაულ ხაჯიმბა. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის მიმართ ირიბი მხარდაჭერა მოსკოვმა ცოტა ხნის წინ უკვე გამოხატა და ამით ე.წ. არჩევნების   შედეგი ფაქტობრივად წინმსწრებად განსაზღვრა, წინასაარჩევნო ბრძოლის მეთოდები საკმაოდ მწვავეა, ერთ-ერთი კანდიდატის – ოლეგ არშბას საარჩევნო შტაბზე შეიარაღებული თავდასხმის http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=5337 ჩათვლით. კიდევ ერთმა კანდიდატმა – დე ფაქტო დეპუტატმა ალმას ჯაპუამ კი არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე სახელისუფლებო კანდიდატისა და მთლიანად დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ საინფორმაციო “ბომბის” გამოყენება გადაწყვიტა, რომელიც ამჯერად ენგურჰესს უკავშირდება.

კერძოდ, ორიოდ დღის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ჯაპუამ, რომელიც, როგორც ირკვევა, აფხაზურ პარლამენტში ენერგოკრიზისის მიზეზების შემსწავლელ სპეციალურ კომისიას უდგას სათავეში, დე ფაქტო ხელისუფლება (როგორც ამჟამინდელი, ისე წინაც) არა მარტო კორუფციაში, მათ შორის “ფარულად ელექტროენერგიის თურქეთსა და რუსეთში გაყიდვაში”, არამედ “ქართულ მხარესთან საიდუმლოდ მიღწეული შეთანხმებების წლობით არგანსაჯაროებაში” დაადანაშაულა.

ჯაპუას მიერ გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს შორის ძირითადი შემდეგნაირად ჟღერდა:

- “ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის აფხაზური წილის ნაწილი საიდუმლოდ იყიდება უცხოეთში, კერძოდ თურქეთსა დარუსეთში;

-  აფხაზები “ენგურჰესის” ქართული შპს-ს დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან;

- კომპლექსის აფხაზური ნაწილის ტერიტორიაზე აფხაზეთის რესპუბლიკის იურისდიქცია არ ვრცელდება;

- ჰესის კომპლექსის ენგურის აფხაზურ ნაპირზე არსებული ქონების ნაწილი (სადგურის მართვის პულტი და ა.შ.) უნიტარული საწარმო “ჩერნომორენერგოს” ბალანსზე არ ირიცხება;

- “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელი პირადად ხვდებოდა კახა კალაძეს უკვე მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა”.

ჯაპუას ხმაურიანი პრეს-კონფერენციის შემდეგ მალევე გავრცელდა დე ფაქტო პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატის (ასტამურ ოტირბა, თუმცა მას კანდიდატად რეგისტრაცია გაუუქმეს, არტურ ანქვაბი, ალმას ჯაპუა,შამილ აძინბა, ლეონიდ ძაფშბა, ასტამურ კაკალია, ალხას კვიცინია) ერთობლივი მწვავე განცხადება:

«მრავალწლიანი უნიჭო მართვის შედეგად აფხაზეთის ენერგეტიკა მწვავე კრიზისის მდგომარეობამდეა მისული. მხოლოდ 2019 წელს ჩატარებული   შემოწმების შედეგად დადგინდა გამაოგნებელი ფაქტები. მაგალითად, ის, რომ აფხაზეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ძირითადი ობიექტი – ენგურჰესის კომპლექსი “ჩერნომორენერგოს” ბალანსზე არ ირიცხება და აფხაზეთის რესპუბლიკის საკუთრებას არ წარმოადგენს, შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ევროპის ეს უმსხვილესი ელექტროსადგური ხალხისგან მოპარული აღმოჩნდა და ეს ინფორმაცია ათწლეულების განმავლობაში იმალებოდა».

თავად “ჩერნომორენერგო” ბრალდებებს ორ დღეში გამოეხმაურა. საწარმოს ხელმძღვანელობამ ალმას ჯაპუა “არაკომპეტენტურობაში, პოპულიზმში, გაუგონარ სიცრუესა და წინასაარჩევნოდ მმართველი ძალის საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ ბინძური დეზინფორმაციის გამოყენებაში” დაადანაშაულა.

«ბ-ნ ჯაპუას ესოდენ სერიოზული  ბრალდებების წაყენებისას არც ერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება არ წარუდგენია, მხოლოდ რაღაც საიდუმლო მონაცემებსა და საიდუმლო მოწმეების ჩვენებებს ეყრდნობოდა. ამასთანავე, როგორც ირკვევა, მან პირადი ინიციატივით ჩართო საპარლამენტო კომისიის მუშაობაში უცხოელი (სომეხი) სპეციალისტები, რაც აფხაზეთის კანონმდებლობით იკრძალება და გარდა ამისა, ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე მოითხოვა მათი წვდომის უზრუნველყოფა “ჩერნომორენერგოს” ობიექტებსა და საბუთებზე, ხოლო ამაზე პირადი პასუხისმგებლობის ასარიდებლად ეს გადაწყვეტილება კონტროლის პალატას მიაწერა, თუმცა როგორც შემდგომში გაირკვა, ამ უკანასკნელს უცხოელ სპეციალისტებთან იმ დროისთვის შესაბამისი კონტრაქტები გაფორმებული ჯერ არ ჰქონდა. მსგავს ქმედებებთან მიმართებაში სადეპუტატო იმუნიტეტი არ ვრცელდება. კატეგორიულად მოვითხოვთ შესაბამისი უწყებებისგან, დაიწყონ გამოძიება და ბ-ნ ჯაპუას კონკრეტული მტკიცებულებები მოსთხოვონ” - განაცხადა საგანგებოდ გამართულ პრეს-კონფერენციაზე “ჩერნომორენერგოს” გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ.

უნიტალური საწარმოს გენდირექტორის ყოფილი მოადგილე იური კუჭუბერია კი ჯაპუას კონკრეტულ განცხადებებს შეეხო და ჟურნალისტებს რამდენიმე განმარტება მისცა. კერძოდ, მან აღნიშნა:

“ის, რომ ჰესის კომპლექსის მდინარე ენგურის აფხაზურ ნაპირზე არსებული ქონების ნაწილი “ჩერნომორენერგოს” ბალანსზე არ ირიცხება, სიახლეს არავისთვის წარმოადგენს - როგორც ჩანს,  თავად ბატონი  ჯაპუას გარდა. მცდელობები, იგი ბალანსზე აეყვანათ, ჯერ კიდევ 1990-იანი წლების შუა პერიოდში ხორციელდებოდა, თუმცა წარუმატებელი აღმოჩნდა გასაგები მიზეზების გამო: ქართული მხარე აფხაზეთის რესპუბლიკას არ აღიარებს და ჩვენთან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზეც კი უარს აცხადებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ნებისმიერ ისეთ დოკუმენტზე, რომელშიც აფხაზეთის რესპუბლიკის ესა თუ ის სტრუქტურები ფიგურირებს. თუმცა ქართველი ენერგეტიკოსები იმთავითვე იძულებულები გახდნენ, რაღაცნაირად არაფორმალურად მოლაპარაკებოდნენ აფხაზურ მხარეს, ვინაიდან ამის გარეშე ენგურჰესის ექსპლუატაცია, რომელიც საქართველოსთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ქართულმა მხარემ თავიდან შემოგვთავაზა, აფხაზეთს ჰესის მიერ გამომუშავებულილ ელექტროენერგიის 20-22% გამოეყენებინა, აფხაზური საპასუხოდ 50%-ს ითხოვდა, საბოლოო ჯამში კი 40-ს დავთანხმდით. და მადლობელი უნდა ვიყოთ ჩვენი ელექტროენერგეტიკოსების უფროსი თაობისა: თავის დროზე მათ ამ დაუწერელ, თუმცა ისეთ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც დღემდე განუხრელად სრულდებოდა. გარდა ამისა, რომც მიგვეღწია რაღაც ეტეპზე კომპლექსის ნაწილის ჩვენს ბალანსზე აყვანისთვის, ენგურის ქართულ ნაპირზე მდებარე ინფრასტრუქტურის გარეშე ამას არანაირი აზრი არ ექნებოდა. ამასთანავე, სადგურის შენახვა ძალზე ძვირი ჯდება. მხოლოდ კოლექტივის ხელფასებისთვის წელიწადში 400 ათასი რუბლია საჭირო, სულ კი ყოველწლიური ხარჯი 1-1,2 მილიარდ რუბლს შეადგენს. ამასობაში მხოლოდ შიდა ქსელური კომპლექსის მომსახურებისთვის “ჩერნომორენერგო” ყოველწლიურად 15 მლნ რუბლის ოდენობის სახელმწიფო დოტაციას იღებს. რაც შეეხება ჯაპუას სხვა განცხადებებს, სიცრუეა მისი მტკიცება, რომ აფხაზები “ენგურჰესის” ქართული შპს-ს დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან; რომ ასლან ბასარია პირადად ხვდებოდა კახა კალაძეს უკვე მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა; რომ კომპლექსის აფხაზური ნაწილის ტერიტორიაზე აფხაზეთის რესპუბლიკის იურისდიქცია არ ვრცელდება – იქ აფხაზური დაცვაა, ყველა ოფიციალოური პირი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით შემოდის, ცნობილია უშიშროების სამსახურისთვის. ჯაპუამ ისიც კი არ იცის, რომ ქვესადგური “ფსოუ” არა აფხაზეთის, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ჭორების გამავრცელებლები დიდხანს ეძებდნენ რაღაც არალეგალურ ხაზს, რომლითაც ელექტროენერგია ენგურჰესიდან პირდაპირ თურქეთში გაედინებოდა გასაყიდად და როცა ვერ მიაკვლიეს, რაღაც სხვა სქემების გამოგონება დაიწყეს”.

ჯაპუას ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ თბილისშიც. ენგურჰესის გენერალური დირექტორი ლევან მებონია მის აქტივობას აფხაზეთში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას უკავშრებს. 

"აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. კატეგორიულად უარვყოფ, ეს სრული სისულელეა"- განუცხადა "აქცენტს" მებონიამ. 

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა