"მგონი, შვიდჯერ ვარ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით"

მგონი, შვიდჯერ ვარ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, რუხიდან დაწყებული, ნიქოზი, გრემისხევი და ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "პირველი არხის" კითხვას, რატომ არ ჩავიდა სოფელ გუგუტიანთკარში და არ გააკეთა ამ საკითხზე განცხადება.

„ეს არ არის ახალი. ეს არის მუდმივი მცდელობა რუსეთის მიერ, რომ ჩაგვითრიოს მხოლოდ ამ საკითხში. ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ, დემოკრატიისკენ, განვითარებისკენ ისე, რომ მუდმივად უკან არ ვიყურებოდეთ და არ ვიყოთ რუსეთის დღის წესრიგით“, – განაცხადა ლიეტუვაში ვიზიტად მყოფმა პრეზიდენტმა  "პირველ არხთან" საუბრისას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ჩადის საოკუპაციო ხაზთან, როცა მას მიაჩნია საჭიროდ:

„მე მგონი, ვარ შვიდჯერ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, რუხიდან დაწყებული, ნიქოზი, გრემისხევი და ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით“. 

პრეზიდენტის განცხადებით, მისი მოვალეობაა საუბარი საქართველოს პარტნიორებთან:

„ჩემი მოვალეობა არის ის პირდაპირი, ოფიციალური თუ არაოფიციალური საუბრები ჩვენს პარტნიორებთან, რომ ვეძებოთ სხვა გზები და არის ასევე მართლაც ფიქრი იმ გზებზე, ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, ახალი ფორმატების მოფიქრებაზე, ყველაფერ იმაზე, რაც მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ კი არ ვუყუროთ, რა ხდება იმ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, არამედ გადავლახოთ ეს სიტუაცია, მოვხსნათ ეს საოკუპაციო ხაზი და დავუბრუნდეთ ჩვენს ცხოვრებას“. 

ცნობისთვის: გუგუტიანთკარელები თითქმის სამი კვირაა სოფელში, სადაც ოკუპანტების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების – პრეზიდენტისა და პრემიერის ჩასვლას ითხოვდნენ.

ადგილობრივების თითქმის სამკვირიანი თხოვნის შემდეგ  მამუკა ბახტაძე პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად გუგუტიანთკარში 21 აგვისტოს ღამით, ჟურნალისტების გარეშე ჩავიდა და იქ მცხოვრებ გოჩა მარღიშვილის ოჯახს ესტუმრა.

"მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ", – განაცხადა გუგუტიანთკარში ჩასულმა პრემიერმა. 

იხილეთ ასევე: გუგუტიანთკარელი: "პრემიერი ერთ ოჯახში მივიდა და წავიდა. რომ შემხვედროდა ვეტყოდი, ვეტყოდი, თქვენ თქვენთვის ხართ და არა ხალხისთვის"

მაშინ როცა გორის ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლოპოტას ტბაზე ისვენებდა. საქართველოს პრეიზიდენტს გუგუტიანთკართან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ზურაბიშვილმა არც ლოპოტაზე დასვენება შეწყვიტა და არც თბილისში დაბრუნების შემდეგ ისურვა განცხადების გაკეთება  – "როცა გადავწყვეტ, გაგაფრთხილებთო"

ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოდან კი მავთულხლართების მონტაჟი დღემდე გრძელდება.  ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც სამი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების (ორი ოჯახი) სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს