ადვოკატი: "პროკურატურას ფულის გათეთრების მუხლი იმიტომ დასჭირდა, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანგარიშები დაეყადაღებინა"

ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, პროკურატურას ფულის გათეთრების მუხლი იმიტომ დასჭირდა, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები დაეყადაღებინა.

ადვოკატის ინფორმაციით, ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ წარდგენილ დაზუსტებულ ბრალდებაში რამდენიმე ადგილას ჩამატებულია ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის გვარი.

„ბრალში იგივე ტექსტია, უბრალოდ ორ-სამ ადგილას ჩამატებულია ავთანდილ წერეთლის გვარი. მეტი არაფერი. არაფერი არ იცვლება არსებითად, მუხლიც იგივეა და შინაარსიც. იმ აბსურდულ სქემაში, რომელსაც პროკურატურა გვთავაზობს, თემა არის ასეთი: ბადრიმ და მამუკამ განიზრახეს, საკუთარ ბანკს მოტყუებით და თაღლითობით გამოსტყუონ თანხა. ამისთვის ვითომდა დაუკავშირდნენ ავთო წერეთელს და მისი ხელშეწყობით მოახერხეს ეს. მათი ლოგიკით ეს არის თაღლითობა, მაგრამ იმისთვის, რომ თაღლითობა ხანდაზმული იყო, ბრალის წარსადგენად მიაწებეს ფულის გათეთრება, რომელსაც ასე ხსნის პროკურატურა: ნებისმიერი გზით მოპოვებული ასეთი ფული რომ დახარჯო, ეს ფულის გათეთრებაა. რისთვის დასჭირდა ფულის გათეთრება პროკურატურას, ეს გუშინწინ გამოჩნდა. ფულის გათეთრება არის ის მუხლი, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ყადაღის დადების შესაძლებლობას. მეორე - ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ხანდაზმული არ არის და მესამე - ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ბიზნესმენებსა და ბანკირებს ამ მდგომარეობაში ჩააგდებს. მამუკა და ბადრი აღარ არიან ბანკის ხელმძღვანელობაში, აღარ არიან ანაკლიის პორტის ხელმძღვანელობაში და მათი ანგარიშები დაყადაღებულია ეს არის მიზანი, რომელიც ასრულდა ამ ყველაფრით“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

მისივე თქმით, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გირაო – 700 000–700 000 ლარი უკვე გადაიხადეს.

ცნობისთვის: დღეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალის დაზუსტების მიზნით დაიბარეს. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო