პუტინის პრეს–სპიკერის ქალიშვილი ევროპარლამენტში მუშაობს და მთელ რიგ დოკუმენტებზე შეუზღუდავი დაშვება აქვს – RFE/RL

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერის დიმიტრი პესკოვის შვილი ელიზავეტა პესკოვა ევროპის პარლამენტში სტაჟიორად მუშაობს და ევროკავშირის მთელ რიგ დოკუმენტებსა და ბაზებზე შეუზღუდავი დაშვება აქვს, – იუწყება „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიურო (RFE/RL ). 

გამოცემის ცნობით, 21 წლის პესკოვა სტაჟიორად საფრანგეთის წარმომადგენელ დეპუტატ ემერიკ შოპრადთან მუშაობს. ამ უკანასკნელმა  2014 წელს ღიად დაუჭირა მხარი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

პესკოვას მონაცემები ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზეც არის მითითებული და ფაქტი, რომ იგი ევროპარლამენტში მუშაობს გამოცემას თავად ფრანგმა დეპუტატმაც დაუდასტურა:

„ქალბატონი პესკოვა ნამდვილად არის რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი პერსონის შვილი, მაგრამ, როგორც სტუდენტენს,  მას ისეთვე უფლება აქვს გაიაროს სტაჟირება, როგორც სხვა ახალგაზრდებს”.

მისივე თქმით, სადღეისოდ პესკოვა რუსეთში არც საჯარო და არც კერძო სექტორში არ მუშაობს.

თავად ფრანგი დეპუტატი ევროპრალამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრია. ის ასევე გაწევრიანებულია EU-რუსეთის საპარლამენტო კომიტეტში. შოპრადი 2015 წლამდე მარინ ლე პენის პარტიის წევრი იყო.  4 წლის წინ მან ლე პენის ბლოკი დატოვა და ევროპარლამენტის მეორე მემეარჯვენე, პოპულისტურ გაერთიანებაში (EFDD) შევიდა.

როგორც გამოცემა იუწყება, რამდენიმე ევროპარლამენტმა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, თუ რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირის შვილი ევროპარლამენტში მუშაობდა.

"ეს არის ევროპარლამენტის ზოგადი უსაფრთხოების წესების დარღვევა", – განაცხადა გამოცემასთან საუბრისას ლატვიელმა ევროპარლამენტარმა სანდრა კალნიეტემ.

კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტევიჩუსმა პესკოვას ევროპარლამენტში დასაქმება "ძალიან დიდ სირცხვილად“ შეაფასა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში"