ლევან დავითაშვილი: „სახელწმიფო ყველაფერს აკეთებს, რომ როგორც მწარმოებლებს, ისე მევენახეებს მოსავლის რეალიზაციის პრობლემები არ შეექმნათ“

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 2019 წლის რთველის  საორგანიზაციო საკითხები ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა.

„წლიდან წლამდე, რთველის მასშტაბი იზრდება. შარშან რეკორდული მოსავალი გვქონდა და წელს, კიდევ უფრო მეტს ველოდებით. პარალელურად, გაზრდილია როგორც გამოწვევები საორგანიზაციო კუთხით,  ასევე სამინისტროს გამოცდილება და შესაძლებლობებიც.  გასულ წელს, რთველის პროცესში ჩართული იყო 200-ზე მეტი კომპანია, რომელიც ორგანიზებულად იბარებდა ყურძენს. ჩვენ ველოდებით, რომ მიმდინარე წელს კიდევ უფრო მეტი ოპერატორი, კომპანია ჩაერთვება რთველში. ეს ნიშნავს, რომ ღვინის ინდუსტრია ერთიანად ვითარდება, ასევე იზრდება ღვინის ექსპორტიც. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა, 2019 წლის რთველმა  წარმატებით ჩაიაროს და ისევე როგორ როგოც წინა წლებში, არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ყურძნის კრეფა, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება. კახეთის დანარჩენი მუნიციპალიტეტები რთველის პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის  საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან.  

ღვინის მწარმოებელ კომპანიებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც საკოორდინაციო შტაბში, ისე ონლაინ-რეჟიმში.

ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პროცესში ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფისა  და მოსავლის აღრიცხვიანობის კუთხითაა ჩართული.  საკოორდინაციო შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ხელმძღვანელობს.

უნდა აღინიშნოს, რომ წელს კახეთის რეგიონში ჭარბ, 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან, რამაც, შესაძლოა, თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, განსაკუთრებით კი, თეთრ ყურძენზე მეწარმეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს.

არსებული მოცემულობის დადგომის შემთხვევაში, ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და მოსავალი დაუბინავებელი  არ დარჩეს.

სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და ის, ისევე როგორც გასულ წელს, სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას აღარ საჭიროებს. დარგში წინსვლა სახეზეა - გაშენებულია ახალი ვენახები, შექმნილია ახალი და გაფართოებულია ღვინის ძველი საწარმოები, ფუნქციონირებს აგროკრედიტის და აგროდაზღვევის სისტემა, გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2019 წლის ივნისის ბოლოდან განვითარებული მოვლენების გამო, ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე ექსპორტის შემცირებამ და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე სანქციების შესაძლო დაწესების მოლოდინმა, შექმნა გარკვეული ნეგატიური ფონი, რამაც კერძო სექტორის აქტივობაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის რისკი გააჩინა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ - სახელწმიფო ყველაფერს აკეთებს, რომ როგორც მწარმოებლებს, ისე მევენახეებს მოსავლის რეალიზაციის პრობლემები არ შეექმნათ.

რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრაზე ვენახების კადასტრის პროგრამის პრეზენტაციაც გაიმართა. წელს პირველად, 2019 წლის რთველის დროს, „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზნის“ მიკროზონების ყურძნის ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება. აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა განსაზღვრულია: 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონა. 10 ტონზე მეტი რაოდენობის ჩასაბარებელი ყურძენი, შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის მასალა.

შეხვედრა, რომელსაც კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა.

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97) განთავსდა.

სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო