დაავადებათა კონტროლის ცენტრი რუჯის მოყვარულებს აფრთხილებს და შესაბამის რჩევებს აძლევს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რუჯის მოყვარულებს აფრთხილებს.

„დერმატოლოგები განმარტავენ, რომ ნამზეურევი ეს არის მზისგან გამოწვეული კანის დაზიანება, რომელიც ჩნდება ულტრაიისფერი სხივებით კანის პიგმენტური უჯრედების დაზიანებისას. გასათვალისწინებელია, რომ ხშირი გარუჯვა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, კანის კიბოს განვითარების რისკის მომატებას. მზის სხივებმა არამარტო კანის პრობლემები, არამედ მხედველობის დარღვევებიც შესაძლოა, გამოიწვიოს მაგალითად კატარაქტა, რაც სიბრმავის გამომწვევი წამყვანი მიზეზია“,  – ნათქვამია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, მზის სხივებითა და სოლარიუმებში ზედმეტად დასხივების შემთხვევაში, ვითარდება კანის დამწვრობა. ამ დროს ვლინდება სხვადასხვა სიმპტომი: სისუსტე, დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა, ტკივილი, შესაძლოა, განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა.

„მზეზე ან სოლარიუმში ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ, ასეთი სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღეთ ასპირინი ან აცეტამინოფენი (ტილენოლი), რათა მოიხსნას დამწვრობის დისკომფორტი და ანთება. დაზიანებულ უბნებზე დაიფინეთ ცივი კომპრესები, მიიღე ცივი აბაზანა, წაისვით ალოეს ექსტრაქტის შემცველი გამაგრილებელი გელი“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

ამასთან, აუცილებელია ექიმისთვის მიმართვა თუ დამწვრობა მიიღო ერთ წლამდე ასაკის ბავშვმა, განვითარდა ცხელება (მოიმატა სხეულის ტემპერატურამ), გაჩნდა სითხით სავსე ბუშტუკები და ძლიერი ტკივილი.

მზით დამწვრობის შემდეგ საჭიროა მზეზე განმეორებით გასვლისგან თავის არიდება.

მზით დამწვრობის რისკ-ჯგუფებს კი მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ღია შეფერილობის კანი და თმა, ლურჯი თვალები; ექვს წელზე ნაკლები და 60 წელზე მეტი ასაკის პირები.

„მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში (შუადღემდე ორი საათით ადრე და ორი საათით გვიან). მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც. შეიმშრალეთ სხეული წყლის წვეთებისგან, რამდენადაც მათ ლინზის ეფექტი აქვთ და აძლიერებენ მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას.ყურადღება მიაქციეთ ულტრაიისფერ (უი) ინდექსს, რაც მზით დამწვრობის განვითარების რისკს გვიჩვენებს. ატარეთ ღია ფერის (გამონაკლისია თეთრი ფერი), ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი; მუქი სათვალეები 99-100 პროცენტით დამცავი ეფექტით. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF (Sun Protect Factor მზისგან დამცავი ფაქტორი) 30 და მეტია. წაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე და ყოველ ორ საათში“, – აცხადებს ცენტრი და განმარტავს, რომ დამცავი საცხი უნდა შეირჩეს კანის ტიპისა და ულტრაიისფერი სხივების ინტენსივობის შესაბამისად. გაურკვეველი ხარისხის უცნობი საცხის გამოყენება კი რეკომენდებული არ არის.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო