პუტინმა თავდაცვის სამინისტროს აშშ–ის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღება დაავალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს აშშ–ის მიერ სარაკეტო გამოცდის საპასუხოდ ზომების მიღება დაავალა. 

„პენტაგონის ქმედების შემხედვარე რუსეთი გულხელდაკრეფილი ვერ იქნება. გარდა სარაკეტო გამოცდისა, აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს აზიაში ახალი რაკეტების განთავსების თაობაზე, რაც გავლენას ახდენს ჩვენს ძირეულ ინტერესებზე, რადგან ეს  რუსეთის საზღვრებთან ახლოს ხდება“,  – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის: 3 აგვისტოს აშშ–ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს აზიაში შუალედური დამიზნების რაკეტების განთავსებას.

ამასთან, მცირე და საშუალო დამიზნების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების დატოვების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 20 აგვისტოს საშუალო დამიზნების ახალი რაკეტა გამოსცადა.

1987 წელს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმებული ზემოთხსენებული ხელშეკრულება ხმელეთზე ბაზირებული 500-დან 5 500 კმ-მდე რადიუსზე მოქმედი რაკეტების განადგურებას ითვალისწინებს. რუსეთმა მცირე და საშუალო დამიზნების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება მიმდინარე წლის მარტში დატოვა. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 3 ივლისს მოაწერა. რაც შეეხება აშშ–ს, ვაშინგტონმა შეთანხმება 2 აგვისტოს დატოვა, რის მიზეზადაც რუსეთის მიერ წლების განმავლობაში აღნიშნული შეთანხმების პირობების დარღვევა დაასახელა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიაში"