"კანონიერი ოჯახი მამაკაცისა და დედაკაცისგან შედგება"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერია. კანონიერი ოჯახი კი, შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან. ამ სიტყვებით პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა, რომლებიც ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავ მსვლელობაში მონაწილეობდნენ.

"უფალი ბრძანებს, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ერთ-ერთი მაინც. დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა. დედისა და მამის ლოცვა-კურთხევა ქმნის სასწაულს, სასწაულს ნახავთ თქვენ ცხოვრებაში, ბედნიერი იქნებით. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი კი, შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან. ბედნიერი იყავით, ბედნიერი იყოს ყოველი ოჯახი საქართველოსი და მსოფლიოსი, ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა ილია მეორემ.

ცნობისთვის: თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრის მიმართულებით ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობა გაიმართა. ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს,თუმცა საქართველოში ჩაგვრა აქციით არ გაუპროტესტებიათ. ლგბტ+ თემმა დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით საჯარო ღონისძიებები არ დაგეგმა. 17 მაისთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას მიმართა საერთაშორისო საზოგადოებამ და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების შელახვა გაუმართლებელია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp