ბაჩანა შენგელია: "ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მკვლელებს და გამყალბებლებს პასუხი გაეცეს"

„ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება ბოლომდე, სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება. საქმის შეწყვეტა პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი პროკურატურის მხრიდან არ უშველით“, - ასე ეხმიანება ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურის გადაწყვეტილებას გარდაცვლილი დირექტორის საქმის შეწყვეტის შესახებ.

შენგელიას თქმით, პროკურატურამ გამოძიება თავიდანვე არასწორი მიმართულებით წაიყვანა და შეგნებულად დააგვიანეს მთავარი მტკიცებულებების ამოღება:

„განცხადებას შეგნებულად არ ვაშეარებ, სამარცხვინო ტყუილების ერთობლიობაა და მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მრცხვენია ასეთი გენერალური პროკურატურის არსებობის.

საქმის გამოძიება თავიდანვე არასწორი მიმართულებით წაიყვანეს, შეგნებულად დააგვიანეს მთავარი მტკიცებულებების (სათვალთვალო კამერების ჩანაწერების) ამოღება და მოგვიანებით გაანადგურეს, ექსპერტიზაზე არასრული მასალა გააგზავნეს, არ დაკითხეს მთავარი მოწმეები, არ დანიშნეს კალიგრაფიული ექსპერტიზა და არ შეასრულეს არაერთი პროცესუალური თუ საგამოძიებო მოქმედება.

აპრილში, როდესაც მასალებს გავეცანით, ცხადი გახდა, რომ საქმის გამოძიების შეწყვეტისკენ მიჰყავდათ ყველაფერი, უბრალოდ დაელოდნენ ,,შესაფერის დროს" გამორთულ რუსთავი 2-ს და ასე ქურდულად, წინასწარი შეტყობინების გარეშე ( ჟურნალისტებისგან გავიგე) განაცხადეს, რომ ამ საქმეს დამნაშავე არ ჰყავს. რომ მართალია ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც მანამდე პრაქტიკულად აწამეს, მაგრამ კანონი ფორმალურადაც არავის დაურღვევია“.

მისივე თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და საქმეს დაემატა ახალი დამნაშავეები, პროკურორებისა და გამომძიებლების სახით:

„ისინი მთავარ დამნაშავეებთან - გახარია-ბატიაშვილთან და მათ ზონდერებთან ერთად აუცილებლად გასამართლდებიან. ჩემი ბრძოლის მიმართულებით არაფერი შეცვლილა, დიდი ხანია გავაცნობიერე, რომ ამ საქმის გამოძიება, დამნაშავე მთავრობის ცვლილებაზე გადის, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მკვლელებს და გამყალბებლებს პასუხი გაეცეს, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს“.

ცნობისთვის: ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2018 წლის 2 დეკემბერს ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთში "პუტინის განმდევნელი" შამანის ხატი იქმნება