აფხაზური “საპრეზიდენტო” არჩევნები: ანალიზი და პროგნოზები

ოკუპირებულ აფხაზეთში ერთთვიანი სააგიტაციო პერიოდი დასრულდა და ხვალ, 25 აგვისტოს რიგით მე-6 ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იგეგმება.

ამჯერად კანდიდატთა რეკორდული რაოდენობა მოგროვდა - 9 (კიდევ ერთს – ასტამურ ოტირბას ე.წ. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რეგისტრაცია გაუუქმეს იმის გამო, რომ დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტობის მისმა კანდიდატმა დავით დასანიამ კანდიდატურა მოხსნა,  შემცვლელის დასახელება კი ოტირბამ კანონით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოასწრო). მათ შორის არიან მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომლის მიმართ ირიბი მხარდაჭერა კრემლმა ბოლო პერიოდში სხვადასხვა გზებით არაერთხელ გამოხატა, ასევე აფხაზური პარლამენტის დეპუტატები, როგორც “რესპუბლიკური”, ისე ადგილობრივი დონის ყოფილი ჩინოსნები და ერთი სამოქალაქო აქტივისტიც.

საარჩევნო რბოლაში მონაწილეობდა არაერთი პოტენციური აუთსაიდერი და დამწყები პოლიტიკოსი, რომელთაც საჯარო გამოსვლების გამოცდილებაც კი არ გააჩნდათ. როგორც ადგილობრივი მიმომხილველები https://www.ekhokavkaza.com/a/30125827.html აღნიშნავენ, კანდიდატების სიმრავლე ერთგვარად დამღლელი იყო ამომრჩევლისათვის და ამ მხრივ 25 აგვისტოს “საპრეზიდენტო” არჩევნებს აფხაზეთისთვის სტანდარტულ “საპარლამენტოს” ამსგავსებს, როდესაც კანდიდატთა რაოდენობა ყოველგვარ ზღვარს სცდება და მათ შორის უამრავი “ორიგინალია”.

“არჩევნებამდე” დაახლოხებით ერთი კვირით ადრე საბოლოოდ გამოიკვეთა ძირითადი კანდიდატების “კოზირები”. სოხუმის მერის ყოფილი მოადგილის ალხას კვიცინიასთვის და დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ჩინოსნის ოლეგ არშბასთვის მთავარი “კოზირები” მათ უკან მდგომი ცნობილი პოლიტიკოსების სახელებია. კვიციანის შემთხვევაში  ეს არის ასლან ბჟანია, რომელსაც ან გამარჯვებას, ან, სულ მცირე, მეორე ადგილზე გასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა “არჩევნებამდე” ორიოდ თვით ადრე მისი დაცვის ორ წევრთან ერთად საეჭვო ვითარებაში დაავადდა, ამ დრომდე გერმანიაში მკურნალობს და ამის გამო კენჭს ვერ იყრის, თუმცა მაინც ოპოზიციის მთავარ ლიდერად ითვლება. ოლეგ არშბას კი ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი უმაგრებს ზურგს, რომელიც “არჩევნებში” კენჭს ასაკობრივი ცენზის გამო ვერ იყრის. ამასთან, თუ გერმანიაში მყოფი ბჟანია მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს მხოლოდ საარჩევნო პლაკატებზე ”უმშვენებდა გვერდს”, ანქვაბი აქტიურად მონაწილეობდა არშბას სააგიტაციო კამპანიაში, რომლის მთავარი დაპირება ნავთობის მოპოვების გზით აფხაზეთის “აყვავებაა”. კიდევ ერთი კანდიდატის – ასტამურ კაკალიას მთავარი “კოზირი”, როგორც თავად ამბობს, “სუფთა ხელებია” -  ანუ ის  ფაქტი, რომ ბოლო 15 წლის  განმავლობაში აფხაზურ პოლიტიკურ სცენაზე არ უაქტიურია და, შესაბამისად, არც არაფერზეა პასუხისმგებელი. კანდიდატმა ალმას ჯოპუამ კი, რომელიც აფხაზური პარლამენტის დეპუტატი გახლავთ და ენერგოკრიზისის მიზეზების შემსწავლელ კომისიას ხელმძღვანელობს,  წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო კონკურენტის წინააღმდეგ ”ენგურჰესის” კარტის გათამაშება სცადა, თუმცა ამ სვლის შედეგიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

რაც შეეხება მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას, იგი თავს “სტრატეგიული პარტნიორის” - რუსეთის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, სირიის მხრიდან ამასწინანდელი აღიარებითა და “წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული უზარმაზარი საგარეო ვალების დაფარვით” იწონებს (მართალია, ყველა ეს ვალი ისევ და ისევ “სტრატეგიულ პარტნიორ” რუსეთის წინაშეა და დიდწილად მისივე დახმარების ხარჯზე მცხოვრებმა აფხაზეთმა ვალის ნაწილ-ნაწილ დაფარვა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, მაგრამ მაინც).


თუმცა როგორც ადგილობრივი მიმომხილველი იზიდა ჭანია აღნიშნავს, რეალურად, ყველა ეს “კოზირი” სისულელეა, რადგან კანდიდატთა უმრავლესობა  მთავარ იმედს არა დაპირებებზე ან მხილებებზე, არა წარმატებებსა და მიღწევებზე, გეგმებსა და პერსპექტივებზე, არამედ ამომრჩეველთა “საგვარეულო” სიებზე ამყარებს.

“შტაბებში მოგვარეების  გრძელი სიები ინახება, რომლებშიც თითოეული გვარის გასწვრივ ან “პლუსია”, ან “მინუსი”. აფხაზეთში ყველაზე გავრცელებული გვარების ათეულში მესამე  ადგილზე კვიცინიაა, მეოთხეზე - თარბა, მეხუთეზე - ბარციცი, მერვეზე - ჯოპუა, მეცხრეზე - არშბა. ასე, რომ კანდიდატების ”კოზირებთან” დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და ერთადერთი, რაც ამ არჩევნებთან დაკავშირებით მაინტერესებს, ისაა, მაინც რა აღმოჩნდება უფრო მნიშვნელოვანი აფხაზი ამომრჩევლისთვის – გვარი თუ ქვეყანა?” - წერს ჭანია ttps://www.ekhokavkaza.com/a/30117734.html.

ანალიტიკოსები “არჩევნების” შედეგებთან დაკავშირებით ერთმანეთის მსგავს პროგნოზებს აკეთებენ. ასე, მაგალითად, ნუგზარ აგრბა ხმათა კლებადობის მიხედვით კანდიდატთა პირველ სამეულს ასე ხედავს: რაულ ხაჯიმბა, ალხას კვიცინია, ოლეგ არშბა. ასევე გამოიყურება პირველი სამეული როინ აგრბას და რუს პოლიტოლოგ ვლადიმირ ნოვიკოვის პროგნოზებშიც, იმ განსხვავებით, რომ მათი აზრით, პირველ და მეორე ადგილებზე დასმულმა კანდიდატებმა შესაძლოა, ერთმანეთს ადგილები გაუცვალონ. ანტონ კრივენიუკი თვლის, რომ გაიმარჯვებს მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი, თუმცა მხოლოდ მცირე სხვაობით, მეორე და მესამე პოზიციებს კი არშბა და კვიცინია გაინაწილებენ, მაგრამ რომელი  რომელს დაიკავებს – ძნელი სათქმელია.

ოდნავ განსხვავებული პროგნოზი გამოაქვეყნა სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით ტელეგრამ-არხმა «Незыгарь», რომელიც მეორე ტურს არ გამორიცხავს და თვლის, რომ მასში ოლეგ არშბა, რაულ ხაჯიმბა და შამილ აძინბა გადავლენ.

ამასთან, მეორე ტურის შესაძლებლობა, რომელსაც ანალიტიკოსების უმრავლესობა განიხილავს, ოკუპირებულ რეგიონში ბევრს აშინებს.

“თუ მეორე ტური გახდა საჭირო, უნდა ვილოცოთ, რომ მეორე და მესამე ადგილებზე გასული კანდიდატების ხმებს შორის მინიმალური სხვაობა არ დაფიქსირდეს. ყველას გვახსოვს, რომ 2004 წლის შემოდგომაზე შექმნილმა ვითარებამ, როცა სხვაობამ სულ რამდენიმე ათეული სადავო ხმა შეადგინა, აფხაზეთი საშინელ კონფრონტაციაში შეიყვანა… არჩევნების ამჟამინდელი ეტაპის მრავალპოლარულობა ჯერ-ჯერობით საარჩევნო კონფრონტაციას არბილებს, თუმცა მეორე ტურის დანიშნვის შემთხვევაში ელექტორატში ორპოლუსიანობის წარმოშობა გარდაუვალი იქნება. ამასთან, წარმოიშობა კიდევ ერთი ინტრიგა – ვისი მხარდამჭერები ვისასთან გაერთიანდებიან; აქ შეიძლება, გაჩნდნენ ისეთი ალიანსები, რომლებიც სადღეისოდ საჯარო სივრცეში არც კი განიხილება” - წერს ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი მიმომხილველი ვიტალი შარია https://www.ekhokavkaza.com/a/30125827.html .

ტექსტი  შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება



Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა