აფხაზურ ე.წ. არჩევნებს დღეს გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატიც აკვირდებოდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებს დღეს სხვა 60-მდე სხვა უცხოელთან ერთად, გერმანიის დელეგაციაც აკვირდებოდა ბუნდესტაგის დეპუტატ სტეფან კოიტერის ხელმძღვანელობით. ამ უკანასკნელმა საღამოს სოხუმში პრეს-კონფერენციაც გამართა და ამ ე.წ. არჩევებს    “დემოკრატიული” უწოდა.

”კოლეგებთან ერთად ოთხი საარჩევნო უბანი მოვინახულეთ ტყვარჩელში და ექვსი ოჩამჩირეში. დავრწმუნდით, რომ საარჩევნო პუნქტებში არ იყო კანდიდატების დაჟინებული რეკლამირება, პოლიციის ან სამხედროების მხრიდან ზეწოლა, მთლიანობაში საარჩევნო პროცესი დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად მიმდინარეობდა», - განაცხადა, «Абхазия-Информ»-ის ცნობით, კოიტერმა.

ე.წ. არჩევნებს დღეს გერმანიის გარდა, რუსეთის, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის, ასევე ვენესუელისა და ნიკარაგუას დელეგაციები აკვირდებოდნენ.

განახლება, სტატიას დაემატა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარი:

ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ ეს პირი კერძო სტატუსით იმყოფება აფხაზეთში და მას დამკვირვებლის ნებართვა ან უწყება საკანონმდებლო ორგანოდან არ აქვს.

“აფხაზურ პრესაში ვრცელედებოდა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს ელოდებოდნენ. მოგეხსენებათ საოკუპაციო ძალა და საოუკუპაციო რეჟიმები ცდილობენ კერძო პირების, გავლენის აგენტების, სატელიტების ჩაყვანას ოკუპირებულ რეგიონებში და მათი საერთაშორისო დამკვირვებლებად გასაღებით ცდილობენ  პროცესს გარკვეული ლეგიტიმაცია შესძინონ. გვაქვს ინფორმაცია ერთ პირზე, რომელიც წარმოადგენს ბერლინის საკანონმდებლო ორგანოს, თუმცა ის კერძო სტატუსით იმყოფება და მას რაიმე სახის რწმუნება ან ნებართვა არ აქვს იმ უწყებიდან, სადაც ის მუშაობს,” – აცხადებს კონსტანტინიდი.


იმის გასარკვევად, გეგმავდნენ თუ არა გერმანელი პარლამენტარები დამკვირვებლებად აფხაზურ "არჩევნებზე" ჩასვლას, „აქცენტმა“ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიმართა. 22 აგვისტოს დიპლომატიური უწყება მხოლოდ ამ მოკლეკომენტარით შემოიფარგლა:

„საელჩო არ ფლობს ინფორმაციას გერმანელი პარლამენტარების აფხაზეთში დაგეგმილი ვიზიტების შესახებ“.

გერმანიის საელჩოსგან განსხვავებით, აღნიშნულ საკითხზე ვრცელი კომენტარი მოგვცეს ევროპარლამენტმა, სადაც ამბობდნენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას არც ამჯერად აპირებენ და არც მომავალში. 


„აფხაზეთში დაგეგმილ "არჩევნებს" არც ევროპარლამენტი, არც მისი ცალკეული ოფიციალური პირები და ამა თუ იმ ორგანოების (მათ შორის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა კომიტეტი და დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფი (DEG) წარმომადგენლები აკვირდებიან და არც სამომავლოდ ვაპირებთ, მსგავს „არჩევნებს“ დავაკვირდეთ”, – განუცხადეს „აქცენტს“ ევროპარლამენტის პრეს–სამსახურში. 


მისივე ცნობით, თუ რომელიმე ევროპარლამენტარი ოკუპირებულ რეგიონს დე ფაქტო არჩევნების პერიოდში ეწვევა და რაიმე კომენტარს გააკეთებს, ამას ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციასთან საერთო არაფერი ექნება. 


„იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტის რომელიმე დეპუტატი გადაწყვეტს, იმოგზაუროს აფხაზეთში ამ პერიოდში და/ან გააკეთოს საჯარო კომენტარი იქ მიმდინარე მოვლენებზე, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისი პერსონალური გადაწყვეტილება და არანაირად არა ევროპარლამენტის ან ევროკავშირის პოზიციის გამომხატველი“, – უთხრეს "აქცენტს" ევროპარლამენტის პრეს–სამსახურში. 


კითხვაზე, რა შეზღუდვები შესაძლოა, დაუწესედეს ევროპარლამენტარს ევროკავშირისგან ან მისი რომელიმე ოფიციალური სტრუქტურისგან, თუ იგი ოკუპირებულ რეგიონში ჩავა და იქ მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს გააკეთებს, ევროპარლამენტის პრეს–სამსახურში შემდეგს აცხადებენ: 


„ამ შემთხვევაში არსებობს მთელი რიგი მოქმედებები, რომლებიც შესაძლოა, განხორციელდეს, მაგრამ ეს დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე. გადაწყვეტილებას საპასუხო მოქმედებების შესახებ მიიღებენ პოლიტიკური ჯგუფები და არა ევროპარლამენტის ადმინისტრაცია. ეს ზომები მოიცავს ფართო სპექტრს - გაფრთხილებიდან ევროპარლამენტარის გარიცხვამდე. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე“.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საბურთალოზე ორი მოტოციკლი და ერთი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები