"ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს, ისევე როგორც სხვა მსგავს პროცესებს, ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმურობა"

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს, ისევე როგორც სხვა მსგავს პროცესებს, ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმურობა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.


ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ე.წ. არჩევნები ვერ გამოხატავს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი მოსახლეობის ნებას, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა გამოდევნილია.


„ამ პროცესს, ე.წ. არჩევნებს, ისევე როგორც სხვა მსგავს პროცესებს, ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმურობა. სხვა სამართლებრივ ასპექტებთან ერთად, ცხადია, ის ვერანაირად ვერ გამოხატავს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი მოსახლეობის ნებას და ვერ ექნება მასთან საერთო იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა გამოდევნილია.


რაც შეეხება თვითონ ამ პროცესებს, ცხადია ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლავთ ერთი რამ, რომ ზოგადად ნებისმიერი განვითარება იყოს მშვიდობიანი, რადგან ჩვენთვის სულერთი არ არის საზოგადოების და მოსახლეობის მდგომარეობა იქ. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ოკუპაციის ქვეშ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან რთული არის ვითარება, ძალიან ბევრს აქვს იმედგაცრუების განცდა სრულიად სამართლიანად და მზარდია იზოლაციის განცდა ოკუპაციის პირობებში, ოკუპაციის გამო“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია, მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.


„ამიტომ, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ პირველ რიგში მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ამისათვის ცხადია საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ქართულ საზოგადოებაში, დიდ ნაწილში არსებობს უკვე მზაობაც და გაცნობიერებაც, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, არსებობს ძალიან კონკრეტული კონტაქტები და დიალოგის სხვადასხვა, თუმცა ასე ვთქვათ, არაფორმალური ფორმატები და მზაობა არაერთხელ გამოგვიცხადებია ამ დიალოგების გაფართოებაზე, აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე. აქ ცხადია, საუბარი არ არის და ვერც მომავალში იქნება რაიმე ე.წ. ფორმალურ რეგალიებზე, მაგრამ დიალოგს, კომუნიკაციებს, ალტერნატივა არ აქვს პირველ რიგში მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ამისთვის ჩვენ, ძალიან კონკრეტული ხედვები და ინიციატივებიც გვაქვს მშვიდობისთვის და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გარდაუვალი პროცესისთვის, რომელიც ჩვენს საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობას და შერიგებას გულისხმობს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტი:"ეს განცხადება არ ეხებოდა ჯარს და მხოლოდ სტილისტური ფორმა იყო"