გერმანიის საელჩო: "ბერლინი აფხაზეთში გამართულ ე.წ. „არჩევნებს“ არ აღიარებს"

გერმანია ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. 

"თუ ბატონი ლინდემანი და ბატონი კოიტერი გაემგზავრნენ აფხაზეთში, მათ ეს საკუთარი კერძო ინიციატივით გააკეთეს და ამისათვის მათ არ მიუღიათ გერმანიის მთავრობის არანაირი ოფიციალური დავალება. გერმანია არ აღიარებს აფხაზეთში ე.წ. „არჩევნებს“ და არ აგზავნის იქ დამკვირვებლებს. გერმანია ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას მომავალშიც გააკეთებს. ამასთან, გერმანიის საელჩო არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა გზებით მოხვდნენ გერმანელი პარლამენტარები აფხაზეთში“, – განუცხადეს „აქცენტს“ გერმანიის საელჩოში.

ცნობისთვის: 25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. აფხაზური მედიის ცნობით, დე ფაქტო არჩევნებზე ბუნდესტაგის ერთი დეპუტატი და ბერლინის საკანონმდებლო ორგანოს სამი წევრი დამკვირვებლებად იყვნენ წარმოდგენილები.

თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანდინიდის განცხადებით, დე ფაქტო არჩევნებზე  ბერლინის საკანონმდებლო ორგანოს ორი დეპუტატი  "კერძო სტატუსით" იმყოფებოდა.  

იხილეთ ასევე: რას ამბობს გერმანიის საელჩო აფხაზურ "არჩევნებზე" გერმანელი დამკვირვებლების შესახებ


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვერონა-შუამთის მონაკვეთზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი