ლავროვი – ერდოღანს: “სირიის სამთავრობო ძალების მიერ იდლიბში განხორციელებული შეტევები არანაირ შეთანხმებას არ არღვევს“

სირიის სამთავრობო ძალების მიერ იდლიბში განხორციელებული შეტევები არანაირ შეთანხმებას არ არღვევს, – ასე პასუხობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას ასადის რეჟიმის მიერ შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით.  

23 აგვისტოს ერდოღანმა რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი სირიასთან დაკავშირებით გააფრთხილა. კერძოდ, ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული სამხედრო ოპერაციები მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს.

22 აგვისტოს სირიის სამთავრობო არმიამ ჩრდილოეთ სირიაში დამატებითი ტერიტორიები დაიკავა. ისინი იდლიბის პროვინციაში განლაგებულ თურქულ სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტსაც მიადგნენ და იგი ალყაში მოაქციეს. ასადის რეჟიმი თურქული პუნქტების გაუქმებას ითხოვს, თუმცა ანკარა 2 წლის წინ მიღწეული შეთანხმების დარღვევაში სირიის სამთავრობო ძალებს ადანაშაულებს (იდლიბში თურქული სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტი ორი წლის წინ შეიქმნა და ერთ–ერთია იმ 12 –დან, რომელიც ანკარას სირიის ჩრდილო–დასავლეთში მოსკოვთან და ირანთან შეთანხმებით აქვს განლაგებული).

ცნობისთვის: მიმდინარე თვეში თურქეთმა სირიაში, მდინარე ევფრატის დასავლეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამაგრებულია ქურთული შენაერთები, რომელსაც აშშ უჭერს მხარს, ხოლო ანკარა მათ ტერორისტებად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ ასადის რეჟიმს რუსეთი და ირანი უჭერენ მხარს.   

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დათუნაშვილი მოჭიდავეებს მედლების ულოცავს და საკუთარ კარიერაზე წერს