ეროვნული სამოსის დღე – რა ღონისძიებებია დაგეგმილი

საქართველოში დღეს კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული დღესასწაული – ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.

სამოსის დღე უკვე ოთხი წელია მთელი საქართველოს მასშტაბებით იმართება და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, წელს განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა.

წელს ეროვნული სამოსის დღე 30-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება. კერძო დაწესებულებები საკუთარ სივრცეში სტუმრებს ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი პერსონალით მოემსახურებიან.

ქართული სამოსის დღე აღინიშნება ასევე მილანსა და ფერეიდანში. ორგანიზატორთა ცნობით, დღის განმავლობში ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, საინტერესო გამოფენები,  პერფორმანსები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 15:00 საათზე თბილისის ყველა მეტროსადგურთან სხვადასხვა კუთხის ქართულ სამოსში გამოწყობილი ქორეოგრაფიული ანსამბლები შეიკრიბებიან და ფლეშმობებს მოაწყობენ. ასევე, 15:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება გამოფენები. პერფორმანსების დასრულებისთანავე, დედაქალაქის ყველა რაიონიდან, ნაციონალურ კოსტიუმში გამოწყობილი 600-მდე მოცეკვავე მუნიციპალური ტრანსპორტით, რიყის პარკისკენ გაემართება.

18:00 საათზე ევროპის მოედანზე მასშტაბური ფლეშმობი მოეწყობა, რომლის დასრულების შემდეგ, 18:30 საათზე სცენის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე სხვადასხვა კუთხის ნაციონალური კოსტიუმების წარდგენა მოეწყობა. ჩვენებაში მონაწილეობას ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს, რომელიც სამოსის დღეზე ევროპის მოედანზე ნებისმიერი ქვეყნის ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მივა.

დღის ბოლოს 19:00 საათზე, ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp