ერდოღანი დღეს მოსკოვში პუტინს შეხვდება, დღის წესრიგის მთავარი საკითხი სირიაა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს მოსკოვს ერთდღიანი ვიზიტით ეწვევა. როგორც Reuters თურქ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, თურქეთის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გამართავს და დღის წესრიგის მთავარი საკითხი სირია იქნება.

„გვაქვს მოლოდინი, რომ პუტინი ასადის რეჟიმზე ზეგავლენას მოახდენს. პატარა შეტევაც რომ განხორციელდეს სირიაში მყოფ თურქ სამხედროებზე, ჩვენ საპასუხო ზომებს მივიღებთ. ველით, რომ პუტინი გადადგამს ნაბიჯებს, რომელიც შექმნილ ვითარებას განმუხტავს“, – განაცხადა თურქმა ოფიციალურმა პირმა.

ცნობისთვის: 22 აგვისტოს სირიის სამთავრობო არმიამ ჩრდილოეთ სირიაში დამატებითი ტერიტორიები დაიკავა. ისინი იდლიბის პროვინციაში განლაგებულ თურქულ სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტსაც მიადგნენ და იგი ალყაში მოაქციეს. ასადის რეჟიმი თურქული პუნქტების გაუქმებას ითხოვს, თუმცა ანკარა ორი წლის წინ მიღწეული შეთანხმების დარღვევაში სირიის სამთავრობო ძალებს ადანაშაულებს (იდლიბში თურქული სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტი ორი წლის წინ შეიქმნა და ერთ–ერთია იმ 12 –დან, რომელიც ანკარას სირიის ჩრდილო–დასავლეთში მოსკოვთან და ირანთან შეთანხმებით აქვს განლაგებული).

23 აგვისტოს ერდოღანმა რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი სატელეფონო საუბრისას სირიასთან დაკავშირებით გააფრთხილა. კერძოდ, ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული სამხედრო ოპერაციები მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში თურქეთმა სირიაში, მდინარე ევფრატის დასავლეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამაგრებულია ქურთული შენაერთები, რომელსაც აშშ უჭერს მხარს, ხოლო ანკარა მათ ტერორისტებად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ ასადის რეჟიმს რუსეთი და ირანი უჭერენ მხარს.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისში “ოცნების” აქცია მიმდინარეობს (LIVE)