ანაკლიის პორტი – გასაღები NATO-ს კარისათვის

„აქცენტმა“ უკვე არაერთგზის შესთავაზა მკითხველს მასალები, რომელიც საქართველოსთვის ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზების მნიშვნელობას წარმოაჩენს. დღეს გვსურს, ამ პროექტის კიდევ ერთ ასპექტზე გავამახვილოთ ყურადღება – იმაზე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტის წარმატებით რეალიზებას ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივისათვის. 
ამ თემაზე ქართველი და უცხოელი ექსპერტების მოსაზრებებს გთავაზობთ. 

 
ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი: 


 
«[...] NATO-მ დაადასტურა თავისი რეპუტაცია, როგორც ყველაზე წარმატებულმა ალიანსმა ისტორიაში, როგორც სტრუქტურამ, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, არის კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია და არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც ქვეყნები ამ ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან. ავიღოთ, მაგალითად, ჩერნოგორია: მას ადრიატიკულ ზღვაში ძალიან მნიშვნელოვანი პორტი აქვს, რომელიც რუსეთს ძალიან უნდოდა, მაგრამ ჩერნოგორია წინააღმდეგობას სწევდა... თუ ეს ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარასოდეს გამოიყენებს ამ ტერიტორიას ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ... [....] რაც შეეხება საქართველოს, ეს ქვეყანა უკვე დღეს უნდა იყოს NATO-ს წევრობის გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მისი ტერიტორიების 20% დღემდე აქვს ოკუპირებული. [...] თავის დროზე ჩვენ მივიღეთ ალიანსში დასავლეთ გერმანია, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში იმხანად მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი იდგა. ვფიქრობ, ჩვენ მოვძებნით ხერხს, რათა ალიანსში საქართველოც გავაწევრიანოთ. საქართველოში უკვე არსებობს პორტი ევრაზიასა და ევროპას შორის, ხოლო ანაკლიის ახალი პორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ საქართველო გახდება ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშრებელი რგოლი ევრაზიასა და ევროპას  შორის. მე ვთვლი, რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ამაღლებს უსაფრთხოებას, რადგან ყველას აქვს საერთო ინტერესი ამ პორტის მიმართ; ყველა დაინტერესებულია იმაში, რომ საქართველო იყოს საპორტო ქვეყანა და რჩებოდეს სტაბილურად და ღიად. ეს აამაღლებს საქართველოს უსაფრთხოებას და შექმნის მნიშვნელოვან საპირწონეს შავი ზღვის რეგიონში. [...] უდავოა, რომ NATO მომავალშიც გააგრძელებს გაფართოებას, ჩვენ ვალდებულები ვართ, გავფართოვდეთ».  

 
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი, ანალიტიკოსი, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარი  პოლ გობლი: 

 

 „ამ [ბათუმისა და ანაკლიის] პორტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია სამი მიზეზის გამო: პირველი, ეს ქართულ კომპანიებს უფრო მეტი ექსპორტის განხორციელებისკენ გაუხსნის გზას; ეს პორტები საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო დიდი როლი შეასრულოს აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის სხვადასხვა სახის ვაჭრობაში; ამ პროექტების განხორციელება საქართველოს ნატო–სა და ევროკავშირში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს“ - განუცხადა "აქცენტს" პოლ გობლმა. 

კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსი სპეციალისტი პოლ სტრონსკი:

 

„ამ პროექტების [ბათუმისა და ანაკლიის პორტები] განხორციელება გააუმჯობესებს საქართველოს პერსპექტივას, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრი და დამატებით მოიზიდოს ინვესტორები, რომელთაც სურთ კავშირების დამყარება კასპიის ზღვის რეგიონიდან და ცენტრალური აზიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით და შავი ზღვიდან სპარსეთის ყურისაკენ. 


გარდა ამისა, ამ პროექტებს აქვთ პოტენციალი, მოიზიდონ უფრო მეტი ჩინური ინვესტიცია. ცნობილია, რომ ჩინელებს აქვთ დიდი ამბიციები „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივასთან დაკავშირებით. ხსენებული პროექტები რეგიონს ჩინელი ინვესტორებისთვის სავარაუდოდ,  უფრო მიმზიდველს გახდის.აშშ–ის გარდა, საქართველომ უნდა იმუშავოს სხვა ქვეყნებთანაც, რომელთაც შეუძლიათ, გაზარდონ ქვეყნის უსაფრთხოება ნატო-სა და აშშ-სთან ერთად. სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება ჩინეთთან და ყურის ქვეყნებთან, სულ მცირე, ფასს დაუწესებდა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის შემთხვევაში, რადგან  ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთი ძალიან დამოკიდებულია ჩინეთზე და ნაკლებად დამოკიდებული – ყურის ქვეყნებზე. 


ამგვარად, ეკონომიკას შეუძლია, დაეხმაროს უსაფრთხოებას. ვფიქრობ, საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება ამ ყველა ასპექტს აერთიანებს“ – განუცხადა "აქცენტს" ექსპერტმა. 


საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია: 


 
„დღემდე რუსეთი საქართველოს საკუთარ უკანა ეზოდ განიხილავს, სადაც არავინ უნდა შევიდეს. რაც უფრო მეტი დიდი მოთამაშე იქნება დაინტერესებული საქართველოს სატრანზიტო ფუნქციით, ამით არა მარტო მეტ ეკონომიკურ დივიდენდს მივიღებთ, არამედ განმტკიცდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემოც. თუ ჩინური, ინდური, პაკისტანური, ვიეტნამური კომპანიები საქართველოზე ტრანზიტის შეუფერხებლად გატარებაში ნახავენ საკუთარ ინტერესს, თუ რევერსული ტრანზიტით დაინტერესდებიან ევროპული კომპანიები, ჩვენ ვიღაცის “უკანა ეზო” კი არა, მნიშვნელოვანი კორიდორი ვიქნებით და რუსეთი ჩვენთან დესტაბილიზაციის მოწყობას ვერ გაბედავს. შესაბამისად, გაიზრდება ჩვენი თავისუფლების ხარისხი. ამ როლის სრულყოფილად რეალიზაცია ქვეყნის ეროვნული ინტერესია და მასზე ბევრი მუშაობა გვმართებს. ჩვენი ამოცანაა, დავაინტერესოთ მსხვილი სავაჭრო პარტნიორები აღმოსავლეთით - ჩინეთი, ვიეტნამი, ინდოეთი, პაკისტანი, ირანი, ამავდროულად ვიყოთ საიმედო გამტარი და რევერსული მიმართულება ევროპის ქვეყნებისთვის, ანუ, ქმედითი კონკურენცია გავუწიოთ ჩრდილოეთის მარშრუტს. ამასთან, აღმოსავლეთით ჩვენი ჩართულობა აუცილებლად უნდა ხდებოდეს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ამოცანების ჭრილში და ნიუანსობრივად ვაკვირდებოდეთ საერთაშორისო გარემოს" – განუცხადა "აქცენტს" ეკა აკობიამ. 


ნატოსა და ევროკავშირის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, PMCG-ს წარმომადგენელი აშშ-ში ელენე გოცაძე: 

 „ანაკლიის პორტი ჩვენი პარტნიორებისთვის საინტერესო იქნება სამხედრო ტვირთების გამტარობის თვალსაზრისითაც, რაც კიდევ უფრო გაზრდის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ. პარალელურად შესაბამისი უწყებები მუშაობენ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზეც და ეს ყველაფერი საქართველოს სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. მსგავსი მეგაპროექტები აუცილებლად შექმნის ახალ სერვისებს და ახალ შესაძლებლობებს. ის, რომ აქამდე ჩვენ ვერ ვიღებდით დიდი ტევადობის გემებს, ქმნიდა ბევრ შეზღუდვას. მომავალში ანაკლიის პორტმა უნდა შექმნას ახალი რეალობა, რაც ახალ ტვირთებსაც გულისხმობს. რესურსებით მდიდარი ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტვირთბრუნვა გაცილებით უნდა გაიზარდოს და ამ ახალმა რეალობამ საქართველოს სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო და სტაბილური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი და შავ ზღვაზე სტრატეგიული პოზიციის დაკავების რეალური შესაძლებლობა“  – განუცხადა "აქცენტს" ელენე გოცაძემ. 


რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება საქართველოს მთავრობამ: 

 
ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებული რეალიზება მარტივი ამოცანა არ არის და მთელ რიგ წინაღობებს აწყდება, მათ შორის უპირველესად – ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. ამდენად, პროექტის წარმატებისთვის საქართველოს მთავრობას არაერთი ამოცანის გადაჭრა მოუწევს. ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე დეტალურად გვესაუბრა ეკა აკობია: „ანაკლიის პორტის აშენების მიზაშეწონილობაზე ბევრი თქმულა, ხოლო თუ მოკლედ შევაჯამებთ, სტრატეგიული უპირატესობა, რაც ამ ახალი სატრანზიტო ინფრასტრუქტურით უნდა მოვიპოვოთ, არის შემდეგი: "პანამაქსის" ტიპის დიდი გემების მიღების შესაძლებლობა, რომლებიც გაცილებით მეტ კონტეინერს იტევენ, ვიდრე ფოთის პორტში შემომავალი მცირე გემები; ადგილზე მომსახურების ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც რეგიონის სხვა საპორტო მომსახურებას კონკურენციას გაუწევს ტექნოლოგიური თვალსაზრისით, იქნება უფრო მოქნილი და სწრაფი, გამჭვირვალე და კონკურენტული ფასების კუთხით; წლის ნებისმიერ პერიოდში იქნება ღია, ირგვლივ კი განთავსდება თანამედროვე საწყობები და ტვირთების სწრაფი მიწოდების ინფრასტრუქტურა.   ამ ყველაფრის უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ევალება “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელმაც სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა. მის ეფექტურ და დროულ მუშაობაზეა დამოკიდებული ანაკლიის პროექტის შესაბამის ვადებში განხორციელება“.

იმისათვის, რომ პორტებმა თვისობრივად ახალი მნიშვნელობა შეიძინონ, საჭიროა კოორდინირებული და ინტენსიური მუშაობა სხვა მიმართულებებითაც: მთავრობამ ერთიანი მიდგომით - ეკონომიკის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკების კოორდინირებული მუშაობით ძალიან აქტიურად უნდა იმუშავოს ტრანზიტის როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის და შუა რგოლის პარტნიორებთან, ვინაიდან გაზრდილი ტვირთბრუნვის გარეშე ამ თანამედროვე და ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურას აზრი ეკარგება.


აქ უამრავი საკითხია გასათვალისწინებელი: ვისი ტვირთი შემოვა, მოხერხდება თუ არა ამ დიდი გემების შემოშვება ბოსფორის სრუტედან საქართველოსკენ, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა თურქეთის მხარესთან, ვახერხებთ თუ არა ამ მარშრუტის საჭიროების დასაბუთებას როგორც ეკონომიკური ეფექტიანობის, ასევე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით, რომელი კომპანიები იქნებიან დაინტერესებულნი ამ დერეფნით? ცხადია, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, ცენტრში აზერბაიჯანი და თურქეთი, ხოლო დასავლეთით - ჩვენი პარტნიორები: რუმინეთი, ბულგარეთი. ისინი უმნიშვნელოვანესი მონაწილეები არიან. გვჭირდება მათთან მუდმივი კომუნიკაცია და შესაბამისი მზადყოფნისთვის მემორანდუმების გაფორმება, რათა პორტის გაშენების კვალდაკვალ, რეალობა იყოს პორტის სათანადოდ დატვირთვა.


ცხადია, სანამ ანაკლიის პორტი შენდება, მსოფლიო ერთ ადგილზე არ დგას და ამ პორტმა კონკურენცია უნდა გაუწიოს როგორც ჩრდილოეთის (სადაც რუსეთია საკვანძო დერეფანი), ასევე სამხრეთის (ზღვით) მარშრუტებს. გარდა ამისა, უნდა გვქონდეს დივერსიფიცირებული ტვირთის მოწოდება, რადგან მხოლოდ პორტების დატვირთვა რკინიგზას დააზარალებს, ხოლო მცირე ტვირთვითბრუნვით პორტი რენტაბელური ვერ იქნება. ამიტომაც მუდმივად უნდა ვიყოთ უპირატესი ნიშის დაკავების და ამ ნიშის პოლიტიკურად სწორად და ეფექტიანად წარმოჩენის მცდელობების პროცესში. საქართველოს უბრალოდ არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ამ გეოპოლიტიკური მიზნის რეალიზაციისკენ მიმართულ ეფექტურ ზომებს დაჩქარებულ ტემპებში არ ახორციელებდეს.


საქართველოს სჭირდება პოლიტიკების კოორდინაცია, რადგან სატრანზიტო დერეფნის როლის რეალიზაცია როგორც ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული, ასევე გეოპოლიტიკური ამოცანაა.


მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია. ამერიკული და ჰოლანდიური კომპანიების ჩართულობა, უპირველეს ყოვლისა, ხარისხის, საიმედოობის და სტაბილურობის გარანტიაა. მაგრამ ყველა ეს ღირებულება ამართლებს და ეფექტურია, როცა გარემოც შესაფერისი ხვდება. ამიტომაც აუცილებელია, გვქონდეს გამჭირვალე და ქმედითი სასამართლო სისტემა, რომ ინვესტორს ჰქონდეს დაცულობის შეგრძნება; ინფორმირებული და მაღალპროფესიული პარტნიორები სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორში, რომ ინვესტორს ჰქონდეს საიმედოობის განცდა. ამგვარ სიმბიოზს თუ მივაღწევთ, ეს კიდევ ერთი გარანტია იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.


ამ პროექტების წარმატება მოცემულობა კი არ არის, პერსპექტივაა, რომლის რეალიზაციისთვის გვჭირდება სერიოზული მუშაობა “ერთიანი მთავრობის მიდგომის” პრინციპით. არსებული პორტები უკვე შესაძლებლობის მაქსიმუმზე მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა სეზონური აქვთ და ფასები არ არის კონკურენტული. ამიტომ პორტების მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მით უფრო, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში უფრო მეტად შეგვიძლია აღმოსავლეთიდან ტვირთის მოზიდვა, პორტის მიმდებარედ მრეწველობის განვითარება და ევროსტანდარტების შესაბამისი პროდუქციის უკვე ქართული ბრენდით ევროკავშირის ბაზარზე გატანა. საკითხი ასე კი არ უნდა დავსვათ, გაიზრდება თუ არა გადაზიდვების მოცულობა და ჩამონათვალი, არამედ დავფიქრდეთ, როგორ გავზარდოთ გადაზიდვები და პროდუქციის ჩამონათვალი. ეს ბევრ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული (მაგალითად: სანქციების რეჟიმზე, ნავთობის ფასზე, ჩართული ქვეყნების ეკონომიკურ მაჩვენებლებზე), მაგრამ ასევე დამოკიდებულია შიდა ფაქტორებზე: მაქსიმალურად გამართული ინფრასტრუქტურა და სერვისი, კონკურენტული ფასები, მთავრობის დროული საგარეო პოლიტიკური აქტიურობა და დემოკრატიზაციის მზარდი მაჩვენებელი, რაც, თავის მხრივ, ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის ტემპს განსაზღვრავს. შესაბამისად, ანაკლის პორტის წარმატება მოცემულობა კი არ არის, პერსპექტივაა, რომლის რეალიზაციისთვის გვჭირდება სერიოზული მუშაობა “ერთიანი მთავრობის მიდგომის” პრინციპით”.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ქართველი გულშემატკივრები არ არიან ამ ანგარიშის ღირსი" - გორგოძე უელსთან დამარცხების შემდეგ [ვიდეო]