"ტვ პირველის“ ქონება რომ ჩავდოთ, ეს უნდათ. ვერ ეღირსებიან. გირაოს არ გადავიხდი, წავალ ციხეში"

"ტვ პირველის" დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამის ავთანდილ წერეთლის განცხადებით, ის სასამართლოს მიერ მისთვის შეფარდებულ 500 000–ლარიან გირაოს ვერ გადაიხდის და მზადაა, ციხეში წავიდეს. 

"ნამდვილად არ მქონდა ამ გადაწყვეტილების მოლოდინი, რადგან ოჯახი ქონებას დიდი ხანია აღარ ფლობს. „ტვ პირველი“ ჩავაბარეთ ახლა პროკურატურას. რის გათეთრება, რა გათეთრება? „ტვ პირველის“ ქონება რომ ჩავდოთ, ეს უნდათ. ვერ ეღირსებიან. მე წავალ ციხეში. არ გადავიხდი ამ თანხას და ვისაც უნდა იმან გადაიხადოს“,- განაცხადა წერეთელმა.

ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის  ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ავთანდილ წერეთელს აუკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

ავთანდილ წერეთელს გირაოს თანხის გადახდისთვის 14-დღანი ვადა აქვს. თუმცა, თავად წერეთელი აცხადებს, რომ ის თანხის გადახდას არ აპირებს, რადგან აღნიშნული ოდენობის თანხა მას არ გააჩნია.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთში "პუტინის განმდევნელი" შამანის ხატი იქმნება