სასამართლომ 20–21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული შვიდი მოქალაქე პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20–21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული შვიდი მოქალაქე პატიმრობაში დატოვა. 

მოსამართლე ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა დაკავებულების ადვოკატების შუამდგომლობები საქმის შეწყვეტის თაობაზე. საქმე არსებით განხილვაზე გადაიცა.

პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ეზოში აქციების "სირცხვილია" ორგანიზატორები და აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. 

შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა 9 სექტემბერს 12:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის: თბილისში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებითაც დაიწყო.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთში "პუტინის განმდევნელი" შამანის ხატი იქმნება