პროკურორი: "ბრიტანულმა მხარემ საკუთარი ინიციატივით მოგვაწოდა ინფორმაცია ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსური აქტივობების შესახებ​"

პროკურორი გიორგი მიქავა ირწმუნება, რომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის, "პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსური აქტივობების შესახებ".

„ფულის გათეთრებაში ბრალდებული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკვე მერამდენედ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია. პირველ რიგში, განვმარტავ, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის – პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ. ანუ, აღნიშნული კომუნიკაცია შედგა ბრიტანული მხარის ინიციატივით და დამერწმუნებით, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად არის ის უმაღლესი სტანდარტი, სადაც მარტივად გაირჩევა კრიმინალური საქმეები პოლიტიკური დევნისგან.

რაც შეეხება განცხადებაში მოყვანილ კიდევ ერთ ცრუ გარემოებას, თითქოს და ეს კომუნიკაცია შედგა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ეს არის კლასიკური მაგალითი ყალბი ამბის გავრცელების. რეალურად, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ იმ კონვენციის დასახელებიდან, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებს შორის და რომელსაც ეწოდება „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლის გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ – ამოგლიჯეს დასახელებიდან ერთი სიტყვა „ტერორიზმი“ და საზოგადოებას მიაწოდეს მორიგი ცრუ ინფორმაცია, თითქოს კომუნიკაცია ორ მხარეს შორის მიმდინარეობს ანტიტერორისტულ საქმიანობაზე. გარდა კონვენციის დასახელებისა, სამართლებრივ პროცედურებში სიტყვა „ტერორიზმი“ ნახსენები არსად არ არის“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მიქავამ.

ცნობისთვის: „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სახელმწიფო სტრუქტურებს მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების გაგრძელებაში ადანაშაულებენ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯაფარიძემ განაცხადა, პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრიტანული ანგარიშების დაყადაღებასაც ითხოვს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შეწყალებს სკანდალი: რას ემსახურება იუსტიციის მინისტრის განცხადებები