პუტინი: „თურქეთის პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ სამომავლო ერთობლივი ნაბიჯები იდლიბში სიტუაციის ნორმალიზებისთვის“

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით,  რუსეთი და თურქეთი იდლიბში სიტუაციის ნორმალიზებისთვის სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ პუტინმა მოსკოვში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„თურქეთის პრეზიდენტთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ დამატებითი ერთობლივი ნაბიჯები იდლიბში ტერორისტების  გასანეიტრალებლად იდლიბში და შედეგად მთელ სირიაში ვითარების ნორმალიზებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს უფლება აქვს, დაიცვას თავისი საზღვარი.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია პირადად გავაცანი ჩემს ძვირფას მეგობარს ბატონ პუტინს“, – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის: 22 აგვისტოს სირიის სამთავრობო არმიამ ჩრდილოეთ სირიაში დამატებითი ტერიტორიები დაიკავა. ისინი იდლიბის პროვინციაში განლაგებულ თურქულ სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტსაც მიადგნენ და იგი ალყაში მოაქციეს. ასადის რეჟიმი თურქული პუნქტების გაუქმებას ითხოვს, თუმცა ანკარა ორი წლის წინ მიღწეული შეთანხმების დარღვევაში სირიის სამთავრობო ძალებს ადანაშაულებს (იდლიბში თურქული სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტი ორი წლის წინ შეიქმნა და ერთ–ერთია იმ 12 –დან, რომელიც ანკარას სირიის ჩრდილო–დასავლეთში მოსკოვთან და ირანთან შეთანხმებით აქვს განლაგებული).

23 აგვისტოს ერდოღანმა რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი სატელეფონო საუბრისას სირიასთან დაკავშირებით გააფრთხილა. კერძოდ, ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული სამხედრო ოპერაციები მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში თურქეთმა სირიაში, მდინარე ევფრატის დასავლეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამაგრებულია ქურთული შენაერთები, რომელსაც აშშ უჭერს მხარს, ხოლო ანკარა მათ ტერორისტებად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ ასადის რეჟიმს რუსეთი და ირანი უჭერენ მხარს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ვინც ოკუპაცია გააფორმა, მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში"